გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხეს, ამბროლაურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით

1341

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით საქართველოს შვიდ ქალაქს მიენიჭა, კერძოდ: გორს, თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურსა და მცხეთას.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას“ დაევალა, კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე განიხილა გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ამბროლაურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი. კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს კონსულტაციები გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხეს, ამბროლაურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ზემოაღნიშნულ საკრებულოებსა და მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია გამოთქვამს მზადყოფნას, ადგილობრივი მოსახლეობისგან და არასამთავრობო სექტორისგან მიიღოს და განიხილოს ალტერნატიული წინადადებები გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ამბროლაურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების დარჩენილ დასახლებათაგან თვითმმართველი თემების შექმნის საკითხებზე, რისთვისაც გაიმართება საჯარო შეხვედრები შესაბამის მუნიციპალიტეტებში, ასევე, განიხილება წერილობითი მოსაზრებები, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას მისამართზე: ქ. თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი N12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.