netgazeti – თვითმმართველობის რეფორმა – რატომ აკრიტიკებენ არასამთავრობოები სამთავრობო კომისიის პროექტს

611

თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე 17 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება – რამდენიმე ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭების  შედეგად დარჩენილი ტერიტორიის ადმინისტრაციული–ტერიტორიული მოწყობის თაობაზე, რეალურ თვითმმართველობას და მოსახლეობის პროცესებში ჩართვას ვერ უზრუნველყოფს.

2013 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომისია “მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში.”

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით,  თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალ დებულებებში ჩადებულია დამატებითი ვალდებულებები, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ეტაპებზე უნდა განხორციელდეს, ხოლო ამ ვალდებულებებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის და ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ამ ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიებზე – თვითმმართველი თემების ფორმირებას. ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი დავით ლოსაბერიძე ფიქრობს, რომ ზემოხსენებული წინადადებით მთავრობა თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არსებითად ახალს არაფერს სთავაზობს, რადგან თუ მათ ისევ იმ დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრში მოუწევთ სიარული საკუთარი მინიმალური პრობლემების გადასაჭრელად, ეს მათ ცხოვრებაში თვითმმართველობის თვალსაზრისით არაფერს ცვლის:

“ეს არის მოდელი, რომელსაც “ერთი ერთზე” ეწოდება, ანუ ერთეული ორად იშლება – თვითმმართველ ქალაქად და ერთ მუნიციპალიტეტად, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ისევ ამ ქალაქში მდებარეობს. თუ ეს “ერთი ერთზე” მოდელი განხორციელდება, დღის წესრიგში დადგება კითხვა, რა შეიცვლება სოფლის მცხოვრებთათვის, თუ ქალაქში მაინც უნდა ჩავიდეს? ახლა იმ ძველი ადმინისტრაციული ცენტრის შენობიდან გვერდით მდებარე სადარბაზოში მოუწევს შესვლა? ან შეიძლება იგივე შენობაშიც მოუწიოს ისევ სიარული, სადაც წლების განმავლობაში დადიოდა, რეფორმის განხორციელებამდეც – მეტი არაფერი. ფინანსების გადანაწილებაზე ლაპარაკი არ არის, სოფლის პროგრამები ისევ რაიონული ცენტრიდან დაიწყებს მართვას, უბრალოდ, აბრა შეიცვლება და სხვა გვარის ადამიანი დახვდება ქალაქში ჩასულს. მოქალაქის მხრიდან შევხედოთ ამას. როგორ მოდიხართ და მახარებთ, რომ აი, იქ იქნება ახალი ცენტრი და რა? მე რა გავაკეთო? თუ ჩამოვდიოდი სოფლიდან თელავში ან გორში, რუსთაველის 7 ნომერში, ახლა რუსთაველის 9 ნომერში მომიწევს გადასვლა?” – აცხადებს ლოსაბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ ეს მოდელი ადგილობრივ ინტერესებს არ ითვალისწინებს, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში ვერ მოხდება ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ახალი ლიდერების გამოვლენას უზრუნველყოფს და ასევე ვერ შეიქმნება ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრები.

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პროექტი, თუ როგორ მოხდება ამ ტერიტორიების ოპტიმიზაცია, კომისიამ თვის ბოლომდე უნდა შეიმუშავოს, რაც შემდეგ პარლამენტს უნდა წარუდგინონ განსახილველად. მისი თქმით, იმ სამთავრობო წინადადების თაობაზე, რომელსაც არასამთავრობოები აკრიტიკებენ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის:

“ჯერჯერობით რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არა მარტო დღეს ვიმსჯელებთ ჩვენ არასამთავრობო სექტორთან, არამედ ხვალიდან საქართველოს 30–მდე სოფელში იმ შვიდ მუნიციპალიტეტში, რომელსაც ეს ეხება, უშუალოდ შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და სწორედ არასამთავრობო სექტორთან და მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”.

ნეტგაზეთის შეკითხვას, რა არის მთავრობის მოტივაცია, როდესაც “ერთი ერთზე” მოდელს სთავაზობს საზოგადოებას სამსჯელოდ და რისთვის დაიწყო საერთოდ თვითმმართველბის რეფორმა, თუ ის ადგილებზე მოსახლეობის ჩართულობას ვერ უზრუნვეყოფს, იგი ასე პასუხობს:

“რეფორმა არ არის ერთჯერადი აქცია. ტერიტორიული ოპტიმიზაცია გრძელვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს. აქ არის საუბარი იმაზე – ახლა, კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის როგორ და რა ფორმით ვიწყებთ, ამაზეა ლაპარაკი”.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სთავაზობენ 7 მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონური პრინციპით დაყოფას, რის შედეგადაც, მაგალითად, გორის რაიონი თვითმმართველ ქალაქად და რამდენიმე მუნიციპალიტეტად დაიყოფა, მათ შორის იქნება ატენის მუნიციპალიტეტი, ვარიანის, კარალეთის, შავშვების. ანალოგიური პრინციპით დაიყოფა თელავის მუნიციპალიტეტი და სხვა ის რაიონები, რომელთა ცენტრებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსები ენიჭებათ. ზემოხსენებული მიდგომის ანალიზი და დისკუსია დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა.

დავით ლოსაბერიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ თითოეულ ასეთ ახალ მუნიციპალიტეტში, რომელშიც რამდენიმე სოფელი გაერთიანდება, დაახლოებით 10 ათასი მოსახლე შევა, ზოგან, მაგალითად, კარალეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ტყვიავიც მიეკუთვნება, 30 ათასი ადამიანიც ერთიანდება. საუბარია ახალ მუნიციპალიტეტზე, რომელთა საერთო რაოდენობამ შესაძლოა 30–ს გადააჭარბოს ზემოხსენებული 7 მუნიციპალიტეტის დაშლის შედეგად. მათ ექნებათ საკუთარი საკრებულო, ეყოლებათ გამგებელი და ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი. ლოსაბერიძის თქმით, ის ბიუჯეტი, რაც, მაგალითად, გორის რაიონს ჰქონდა, მთლიანად ყველა იმ ახალ მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც ადგილებზე შეიქმნება მათი წინადადების მიხედვით. მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ პატარა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი გაიზრდება. მისი გათვლით, თუ დღეს რამდენიმე სოფელზე გორის მუნიციპალიტეტი მხოლოდ 100–300 ათას ლარს ხარჯავს წლიურად, საერთო ბიუჯეტის განაწილების შემთხვევაში, მათ მილიონ ლარზე მეტი გადაეცემათ მხოლოდ ტრანსფერის სახით, რითიც დამოუკიდებლად, გორში სიარულის გარეშე შეძლებენ იმ საჭიროებების მოგვარებას, რაც სოფელს გააჩნია, იქნება ეს გზის შეკეთება, საბავშვო ბაღის პრობლემა, თუ სარწყავი ნაგებობის აშენება:

“ანუ აქ საუბარი კი არ არის, რომ ვინმეს ხარჯები მოვაკლოთ და სხვას მივცეთ, უბრალოდ, გადავანაწილოთ ბიუჯეტი”.

შეხვედრა ქორთიარდში თვითმმართველობის საკითხზე

ქორთიარდ მარიოტში გამართულ შეხვედრას პარლამენტის რამდენიმე წევრიც ესწრებოდა. დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, რომელიც რეგიონალური განვითარების კომიტეტს წარმოადგენს, განაცხადა, რომ იგი თვითმმართველობის გაღრმავებასა და მოქალაქეების მეტ ჩართულობას პროცესებში მხარს უჭერს, თუმცა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის ასეთი მასშტაბური კონცეფციის განხორციელება ივნისის არჩევნებამდე ვერ მოესწრება:

“უცხოელი ექსპერტები, რბილად რომ ვთქვათ, ხელს გაასავსავებდნენ, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ამ ტიპის ფუნდამენტური ტერიტორიული ცვლილებების თვალსაზრისით რეფორმა განეხორციელებინათ, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ტერიტორიული ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი ტერიტორიული ცვლილებები, რომელიც კარგად გააზრებული, გაცნობირებული და გათვლილი იქნება. ძალიან რთული იქნება ასეთ მოკლე დროში ასეთი ტერიტორიული ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ არასამთავრობო სექტორი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს, თუ ეს ცვლილება ივნისამდე ვერ მოხდება, რადგან რეფორმა არჩევნების შემდეგაც გრძელდება.

არასამთავრობო სექტორის ზემოხსენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს გორის მაჟორიტარმა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატებმა სოსო ვახტანგიშვილმა და ნოდარ ებანოიძემ, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, რომ თუ პარლამენტი არასამთავრობო სექტორის იმ ინიციატივას კანონად აქცევს, ტერიტორიული ოპტიმიზაციის საპილოტო რეფორმები გორის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში დაიწყოს. რეფორმას მხარს უჭერს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც, რომლის განცხადებითაც, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხზე:

“პრემიერ–მინისტრი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული და ის აუცილებლად დაელოდება იმ ღონისძიებებს, რომელიც დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად [რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები]. ოზურგეთში კვირას და ორშაბათს იქნება განხილვა. ბატონმა ირაკლიმ [ღარიბაშვილი] მითხრა, მე მითხრესო, რომ გურულებს მაინცდამაინც არ უნდათო… ვინ გითხრათ–მეთქი? ასე მითხრესო. მე ვუთხარი მაგის დაჯერება როგორ შეიძლება, გურულებს ოღონდ რამე დააშლევინე, პოლიტიკაში ჩართე აქტიურად  და გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცი–მეთქი და მაგის მხარდამჭერები რომ არ იყვნენ, წარმოუდგენეილია–მეთქი. მოდით ვაღიაროთ, რომ წინააღმდეგობას გვიწვენ გამგებლები, გუბერნატორები უფრო ნაკლებად… გამგებლები, რომლებიც ამ ბიუჯეტებს ისე აზიან, როგორც კრუხები კვერცხებს და არაფრის დათმობა არ უნდათ. არსებობს გამგებელი, რომელიც არაფერს არ ხარჯავს, რადგან იმედოვნებს, რომ კენჭს იყრის რაიონის გამგებლად და მთელი რესურსები, რომელიც რაიონსაც უნდა შეეხოს და ქალაქსაც, მიმართული აქვს რაიონისკენ. რაც მიმაჩნია, რომ არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს და კონკრეტულად ნოდარ ხადურს ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით:

“ჩვენ ვართ ამის თავგადადებული მომხრე და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს, მაგრამ გავითვალსწინოთ ის, რომ ვერც ერთი სატრანსპორტო საშუალება ვერ იმოძრავებს, თუ მისი ყველა საბურავი არ იქნება სათანადოდ დაბერილი – როგორც აღმასრულბელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლება. რა თქმა უნდა, კონკრეტულად ბატონ ნოდარ ხადურს ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, ესეც გასაგებია, ფინანსთა მინისტრი ნებისმიერ ქვეყანაში არხარჯვის მინისტრია”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რეალური ევროპული დემოკრატია თვითთმმართველობის გარეშე არ არსებობს. მან სოფლებში რწმუნებულების ინსტიტუტზეც გაამახვილა ყურადღება და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნების” დაპირებას გაუსვა ხაზი:
“რა თქმა უნდა, წინააღმდეგობები არის და ამას ვერ გავექცევით იმიტომ, რომ არსებობს სუბიექტური ფაქტორები. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი სიტყვა ხალხს და ამომრჩველს უნდა ეკუთვნოდეს. შეგახსენებთ, ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც და მთავრობასაც, რომ ეს იყო ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მოსახლეობას მივეცით. სოფლის მამასახლისი ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებაში ეწერა და იქ საერთოდ არ იყო ნახსენები რწმუნებული… ჩვენ აქეთ მივდივართო – ხალხს შევპირდით და ისიც შევპირდით, რომ ყველა სოფელს ეყოლება თავისი პირდაპირი წესით არჩეული თავკაცი. რას დავარქმევთ ახლა ამას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა სოფლებში რწმუნებულები მუნიციპალიტეტების გამგებლების უპირობო მონები არიან. დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ, თუ პარტია მიბრძანებს ამასო, ყველაფრისთვის მზად არიან, ყველაფერზე წავლენ, ოღოდნ გამგებელს არ აწყენინონ არაფერი. ეს არის გადასახედი და თუ ევროპული დემოკრატიისაკენ მივდივართ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მყარი ადგილობრივი თვითმმართვეობის გარეშე ევროპული დემოკრატია არ არსებობს”.
თუ პარლამენტი ტერიტორიული ოპტიმიზაციის არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებულ სქემას დაამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ გამგებლების და საკრებულოს არჩევნები 30–ით მეტ მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს. არის თუ არა პოლიტიკური სპექტრი ამისთვის მზად, ხომ არ ეშინიათ მმართველ გუნდში გაუთვალისწინებელი დამარცხებების ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და აქვთ თუ არა შესაბამისი რესურსები მობილიზაციისათვის ახალი მუნიციპალიტეტბში?

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ შესაძლოა ესეც იყოს ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ვიღაცებს ასეთი რეფორმის განხორციელების სურვილი არ ჰქონდეთ, თუმცა, მისივე თქმით, ახალ მუნიციპალიტეტბში რესურსების მობილიზების პრობლემა ოპოზიციურ პარტიებსაც შეექმნებათ:

“რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, იწყება პოლიტიკური ციებ–ცხელება სხვადასხვა საკითხებზე, იგივე პარტიული სიები, კანდიდატები, მაჟორიტარები, გამგებლები. რაც უფრო მეტი ერთეულია, მეტი რესურსის მობილიზებაა საჭირო და ასე შემდეგ. ეს პოლიტიკური მიზეზი, ჩემი აზრით, არა მარტო მმართველ პარტიას აქვს, არამედ ოპოზიციასაც. მათაც არ აქვთ ამდენი რესურსები: შეიძლება დღეს არსებულ მუნიციპალიტეტებშიც კი გაუჭირდეთ კანდიდატების გამოძებნა. ეს [მიზეზეიც] არ არის, ჩემი აზრით, გამორიცხული, ალბათ ესეც იქნება არგუმენტი. ეს ისეთი საკითხია, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე მთავრობამ უნდა მიიღოს ჯერ გადაწყვეტილება და მერე პარლამენტმა და იქ რამე იაღლიში რომ მოუვიდეთ შემდგომ, არჩევნების დროს, ვინც საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას აიღებს, ჯოხიც ალბათ იმაზე გადატყდება. ამიტომ ყველა ერიდება და ფრთხილობს ამ კუთხით. ასე პირდაპირ და ღიად ამაზე საუბარი არ მიმდინაროებს, მაგრამ თუ ლოგიკურად მივყვებით, შეიძლება იყოს ეს მოტივაციაც”, – აცხადებს კანდელაკი.

 

იხილეთ რესურსი