გამყრელიძე: თუ ქვეყანაში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება

395

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, თუ ადამიანი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით შემოდის, მას 72 საათში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება მოუწევს.

„შემოსული ტურისტებისთვის აუცილებელია ნეგატიური PCR ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს ახალი დადგენილება გამოდის, სადაც იქნება შესაბამისი რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი, თუ ადამიანი შემოდის მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით, მაშინ იმ ადამიანმა შემდგომი 72 საათის განმავლობაში უკვე თავისი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი. მას საზღვარზე მიეცემა 50-მდე ლაბორატორიის ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩაიტაროს PCR ტესტი, ისე რომ ქვეყნის დატოვებისას ჰქონდეთ მათ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR-იც 72 საათში იყო უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ჯარიმა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ტურისტი საქართველოში ყოფნისას კორონავირუსით დაინფიცირდება, მას მკურნალობის ხარჯები სამოგზაურო დაზღვევის ფარგლებში უნდა აუნაზღაურდეს, რომელშიც ჩადებული იქნება კოვიდდაზღვევის კომპონენტიც.

„ყველა ტურისტულმა კომპანიამ თავისი პარტნიორები უნდა გააფრთხილოს, რომ ტურისტები იყვნენ შესაბამისად დაზღვეულები, სადაც დაზღვევის ბარათში იქნება კოვიდდაზღვევის კომპონენტიც. თუ დასჭირდა ადამიანს შემდგომ საქართველოში მკურნალობა, შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აუნაზღაუროს ეს მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს ცვლილებები შესაბამის დადგენილებებში, კანონმდებლობაში და, ვფიქრობ, რომ ეს დროულად იქნება მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.