ქუთაისის მერია საჯარო მოხელეებთან დაახლოებულ რესტორნებთან მრავალათასიან ხელშეკრულებებს აფორმებს

566

ქუთაისის მერიამ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურეობისთვის 1 წლის განმავლობაში 100 000-მდე ლარი დახარჯა და სარესტორნო მომსახურეობის ნაწილში ხელშეკრულებები მერიისა და საკრებულოს მოხელეებთან, მათ შორის საკრებულოს დეპუტატთან დაკავშირებულ კომპანიებთან აქვს გაფორმებული.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ნიუპრესი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ არაერთი მსგავსი  ხელშეკრულებები შეისწავლა. ყველაზე მეტი, 8 ხელშეკრულებაა გაფორმებული შპს “რეროსთან”, რომლის მფლობელიც ოფიციალური დოკუმენტებით საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის ბიძაშვილია, თუმცა როგორც არაოფიციალური წყაროები მიუთითებენ, ობიექტის მეწილე თავად დეპუტატია.

2018 წელს და მიმდინარე წლის 5 თვეში შპს „რეროსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებები ასე გამოიყურება:  3 000 ლარი,  9 200 ლარი, 674 ლარი,  2 000 ლარი, 3 000 ლარი, 1 500 ლარი, 2 000 და 8 000 ლარი, ჯამში, 29 374 ლარი.

„ლაშა გვენეტაძე ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია. გვენეტაძე ქუთაისის მერის მეგობარი და ოჯახის ახლობელია. გასულ წელს ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ “რერო” მისი ბიძაშვილის მიხეილ გვენეტაძის საკუთრებაა“, – წერს გამოცემა.

ასევე მერიას 6 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს “ანასტასიას”, რომლის საკუთრებას რიონისპირა კაფე-ბარი “არგო” წარმოადგენს. ხელშეკრულების ღირებულებებია –   525,    1 200,    611,   500,   800,    1100 ლარია, ჯამში – 4 736 ლარი.

შპს „ანასტასია“ მფლობელად ამ დროისთვის დავით შარაბიძეა მითითებული, თუმცა კომპანიის დაარსება საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას ოჯახს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზ ლატარია  „არგოში“ მისი წილის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

რამდენიმე ხელშეკრულებაა გაფორმებული შპს  „გარდენიასთან“, რომლის მფლობელი სალომე ბოჭორიშვილია. სალომე ბოჭორიშვილი არსებული ინფორმაციით, მერიის ახლად შექმნილ არქიტექტურის ა(ა)იპ-შია  დასაქმებული. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი მეუღლე აქტიურად იყო ჩართული თვითმმართველობის არჩევნებში და გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ მუშაობდა.  „გარდენიასთან”  1000, 2 000 და ასევე 2 000-ლარიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული.

რაც შეეხება ზოგადად, სარეტორნო და სასტუმროს ხარჯებს, წლის განმავლობაში 100 000 ლარს აღწევს. ბიუჯეტიდან  სხვადასხვა მომსახურებისთვის წლის განამვლობაში ათეულობით ხელშეკრულება ფორმდება.