პროტესტი თვითმმართველი ქალაქების რიცხვის შემცირების ირგვლივ

530

არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს საქართველოს 7 ქალაქს: ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს სტატუსი დაუტოვოს მხოლოდ 5 ქალაქს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. 120 არასამთავრობო ორგანიზაცია კატეგორიულად არ ეთანხმება არგუმენტებს, რომლებზე დაყრდნობითაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველი ქალაქების რიცხვის შემცირებას ემხრობა. 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაში მესამე სექტორი უკან გადადგმულ ნაბიჯს ხედავს. რეგიონებში საპროტესტო მუხტი იზრდება.

„ქალაქის მოსახლეობა პირდაპირ მიდის თავის ხელისუფლებასთან… ხოლო სათემო მუნიციპალიტეტს – სასოფლო დასახლებებს – თავისი ხელისუფლება ჰყავს და თემის ხელისუფლებას მეტი დრო და შესაძლებლობა აქვს, რომ სხვადასხვა სოფელში შეხვედრა ჩაატაროს… ამიტომ, პირიქით, ისინი ახლა გაცილებით მიზნობრივად ეურთიერთებიან თავიანთ მოსახლეობას და, უფრო მეტიც, სერვისები გახდა ხელმისაწვდომი, როცა ადრე, წლების განმავლობაში, სოფლებში არ იყო დასუფთავების სერვისი, არ ტარდებოდა კულტურული, სპორტული ღონისძიებები“.

თანხების დაზოგვის მიზნისა და რეფორმის არასაკმარისი შედეგების გარდა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლის ეგიდითაც მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობის კოდექსში შესატან შესაბამის ცვლილებებზე, ლაპარაკობს ასევე უსამართლობის აღმოფხვრის აუცილებლობაზე. როგორც 4 აპრილს განაცხადა მინისტრმა გიორგი ალავიძემ, აუცილებლად თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ჩაყენებული ამჟამად ჯერ ისევ გაყოფილი და გაუყოფელი მუნიციპალიტეტები, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან ტერიტორიის სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით:

„არაფრის გაუქმებას არ ვაპირებთ… ჩვენ ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე და ვმსჯელობთ ამ მიმართულებით. არაფრის გაუქმებას, უკან დაბრუნებას და ხელების გადაგრეხას არ ვაპირებთ… ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი – ეს მენეჯმენტის პრობლემაა. ჩვენ ვამბობთ, რომ, თუკი თბილისში ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და თუ ერთი ადამიანი მართავს, ზუგდიდში რატომ ვერ გაუძღვება ერთი ადამიანი იგივე მმართველობას?!“

სწორედ სამართლიანი მიდგომების დამკვიდრებაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა მათი პოზიციით, სამართლიანობის აღდგენა არა თვითმმართველი ერთეულების გაუქმებით, არამედ სხვა თვითმმართველი ერთეულების შექმნით უნდა გამოიხატებოდეს. როგორც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ კონსტანტინე კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 2014 წელს, როდესაც ახალი თვითმმართველი ერთეულები შეიქმნა, სწორედ მაშინ დაიდო პროცესის გაგრძელების პირობაც:

 

„ეს რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და უნდა წავსულიყავით წინ, ანუ რეფორმა ამას ისახავდა მიზნად, რომ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 15 ათასზე მეტს, უნდა მიენიჭოთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და ასე შემდეგ… 2014 წელს, როდესაც კოდექსი მიიღეს, მიღწეულ იქნა კომპრომისული შეთანხმება, რომ რადგანაც არჩევნების მოახლოების გამო მეტის მოსწრება აღარ ხერხდებოდა, გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ტერიტორიული ოპტიმიზაციის მიმართულებით. ეს საკითხები არ უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან მოწყვეტილი“.

კონსტანტინე კანდელაკი, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს დეცენტრალიზაციის გაღრმავების მიმართულებით და, პირიქით, ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა პროცესის უკუსვლასაც კი შეუწყო ხელი. არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ჯერ ისევ არ დაწყებულა რეალური ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი.

თვითმმართველი ქალაქები პოზიციების დათმობას არ აპირებენ. მაგალითად, თელავში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და გაიმართა საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან სხვა ქალაქებშიც.

წყარო: რადიო თავისუფლება