ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქების შესაძლო შემცირებას ეწინააღმდეგებიან

504

არასამთავრობო ორგანიზაცია ”რეგიონის განვითარების ცენტრის” წარმომადგენლის ლიზი სოფრომაძის განცხადებით, იმ ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაძლოა, თვითმმართველი ქალაქების სტატუსი ჩამოერთვას, აღნიშნული რეფორმის გატარებას ეწინააღმდეგებიან. თუმცა, როგორც სოფრომაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელიც სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქის მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს აერთიანებს, აღნიშნული რეფორმის მოწინააღმდეგეების გადარწმუნებას ცდილობს და ამ მიზნით მათთან შეხვედრებს მართავს. სოფრომაძის ინფორმაციით, ბოლოს ასეთი შეხვედრა გუშინ, თელავში გაიმართა.

”ქალაქების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ეწინააღმდეგებიან ამ რეფორმას. თუმცა, გუშინ გაიმართა შეხვედრა ქალაქ თელავში სადაც დაიბარეს ქალაქის მერი, გამგებელი და არწმუნებდნენ, რომ ეს რეფორმა კარგია. ერთი მხრივ, საუბრობენ, რომ არ მიდის დისკუსია, თუმცა მეორე მხრივ, ასეთი შეხვედრები ტარდება დახურულ კარს მიღმა. უფრო მეტიც, საკრებულოს სხდომაზე თელავში, საკრებულოს წევრმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ ძალიან ცუდი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან და საკრებულოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა. საკრებულოს წევრები ჩართული არიან ხელმოწერების შეგროვების პროცესში და ხელისუფლება ნახავს მოსახლეობის მოსაზრებას – უნდა გაერთიანება თუ არა. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელიც უნდა მუშაობდეს თვითმმართველობის რეფორმაზე, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ლობისტი და შეეფასებინა როგორ მიდის პროცესები, მიდის ქალაქებში და იწყებს მოლაპარაკებას, რომ შესაძლოა ტერიტორიული ოპტიმიზაცია მოხდეს და ისევ გაერთიანდეს მუნიციპალიტეტები. ყველა ქვეყანაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია არის თვითმმართველობის ინტერესების გამტარებელი”, – განაცხადა სოფრომაძემ.

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი