ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

609

საქართველოს მთავრობა იმ 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებას აპირებს, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაიყო. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებამ მოლოდინი არ გაამართლა და გატარებულმა რეფორმამ დადებითი შედეგები არ გამოიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა უმეტეს შემთხვევაში გაუარესდა, ამასთან, არ გაზრდილა მუნიციპალიტეტების შემოსავალი, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები და გაუარესდა ხარჯთა ეფექტიანობა.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის წევრი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მოსაზრებებია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი წინადადება, რომელსაც მთავრობა წარადგენს, თვითმმართველობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ინიციატივა პარლამენტს გასახილვევლად წარედგინება, კონსულტაციები თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებთანაც გაიმართება.

მინდა, გულწრფელად გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველობასა და რეგიონულ პოლიტიკას დააზიანებს, არ იქნება მიღებული“, – თქვა რადიო „ათინათთან“ ქვარაიამ.

მმართველი პარტიის დეპუტატისგან განსხვავებით, ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდელი დეპუტატები.

ზუგდიდი ყველა შემთხვევაში იმსახურებს ქალაქის სტატუსს. უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი თვითმმართველი ორგანო, საკუთარი ბიუჯეტი და ჰყავდეს არჩეული მერი“, – აღნიშნა თენგიზ გუნავამ.

მის პოზიციას იზიარებს ამავე პარტიის წევრი ლელა ქებურიაც, რომელიც ყურადღებას ხელისუფლების არათანმიმდევრულ ქმედებებზე ამახვილებს და ამბობს, რომ მთავრობას ცვლილებების გრძელვადიანი გეგმა არ გააჩნია.

გამოდის, რომ სამი წელი ჩვენი გადასახადებით იარსება მერიამ, რომლის ფუნქციონირება, თურმე, საჭირო არ ყოფილა… სამი წლის წინ ზარ-ზეიმით გვაცნობეს, რომ ზუგდიდს ქალაქის სტატუსი დაუბრუნდა, დღეს, თურმე, ეს სტატუსი ტვირთად აწევს ბიუჯეტს“, – თქვა ქებურიამ.

„ქართული ოცნების“ მორიგ შეუსრულებელ დაპირებაზე საუბრობს კიდევ ერთი ზუგდიდელი დეპუტატი ლაშა დამენია. მისი თქმით, სამი წლის წინ, მუნიციპალიტეტების გაყოფა იყო დემოკრატიის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. მან აღნიშნა, რომ სწორედ მმართველი გუნდის „უნიათობის“ ბრალია, რომ ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტი პრიორიტეტულად არ იხარჯება. დამენია ამბობს, რომ ორი მუნიციპალიტეტის პირობებში მუშაობა მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად უფრო ეფექტური იქნება. რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო გაუქმებას, დამენია, თანაპარტიელების მსგავსად, ამ ინიციატივისთვის ხმის მიცემას არ აპირებს.

ქალაქი და რაიონი მმართველობით რგოლში უნდა იყოს ცალ-ცალკე. ზუგდიდისთვის მინიჭებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი კი „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდელებს არ უნდა წაართვას“, – ამბობს დამენია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას, მისი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენთვის უცნობია. რადიო „ათინათმა“თემის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირება ვერ შეძლო.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებასა და ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევას ეწინააღმდეგება 120 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. მათ მიმდინარე კვირაში განცხადება გაავრცელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ „ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია“.

ჩამოერთმევა თუ არა ქალაქებს თვითმმართველის სტატუსი და გაერთიანდება თუ არა მუნიციპალიტეტები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შევა და კანონმდებლები გადაწყვეტილებას მიიღებენ.

წყარო: რადიო ათინათი