საუნჯე“ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე ხელისუფლების განმარტებებს პასუხობს

555

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს თვითმმართველი ქალაქების შესაძლო შემცირებაზე და არგუმენტებს, რომ გადასახედია რამდენად ეფექტურად თანაარსებობენ მერის და გამგებლის ინსტიტუტები ამ თვითმმართველობებში, და რომ ხდება “გარკვეული გადაფარვები”, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ პასუხობს:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაადასტურა მსჯელობა შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის (ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე) თვითმმართველი ერთეული სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში გამოიწვევს მათ გაერთიანებას თვითმმართველ თემის მუნიციპალიტეტთან, როგორც ადმინისტრაციული ერთეული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს, თვითმმართველი ქალაქის მერი და თვითმმართველი თემის გამგებელი ერთ ტერიტორიაზე ახორციელებს უფლებამოსილებას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტი მოიცავს ქალაქის ტიპის დასახლებას, რომლის ადმინისტრაციული საზღვრები ემთხვევა ამავე დასახლებას. შესაბამისად, ერთი და იმავე ტერიტორიაზე არ ხორციელდება მერისა და გამგებლის უფლებამოსილება. ამ ორი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხრიდან მუნიციპალური სერვისების მიწოდება ხორციელდება სხვადსხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

თვითმმართველ ქალაქს ჰყავს ამავე ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოები, რომელის უფლებამოსილება მოქცეულია ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. დღეს არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემით არ ხდება ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის კომპეტენციების არევა და ისინი მათ უფლებამოსილებებს ახორციელებენ დამოუკიდებლად, გააჩნიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბიუჯეტი და ქონება.

შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას არ ეყოლება ცალკე არჩეული თვითმმართველობის ორგანოები და ბიუჯეტი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილის თქმით, იმ ქალაქებში, სადაც არის როგორც პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი, ასევე მერი, ხდება „გარკვეული გადაფარვები და ზოგჯერ ცოტა უხერხული მომენტებიც კი იქმნება“.

მის მსგავსად საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ „ქალაქში ორი საკრებულო და ორი თვითმმართველი მერი და გამგებელი ცოტა უხერხულობასაც კი იწვევს, და უნდა იყოს გამგეობა, ან მერი“.

ვიცე პრემიერის და განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება, არის ის, თუ რამდენად ეფექტურია თვითმმართველობები, სადაც არის გამგებელი და მერი.

„ჩვენ რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა – პრობლემა არ უნდა შეიქმნას არც ერთ თვითმმართველ ქალაქში იმასთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსტიტუტები და გამგებლები ერთმანეთთან როგორ მუშაობენ და როგორ არიან კოორდინირებული“, – აღნიშნა მან.

შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით შეხვედრა ზუგდიდშიც გაიმართა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია მოსალოდნელ ცვლილებებს არ ეთანხმება და მიზანშეუწონელ, ცენტრალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვა მხოლოდ ახლა დაიყო და მასში მონაწილეობა მოსახლეობამ და კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მიიღონ.

წყარო: ლაივპრესი