ახალციხეში, შესაძლოა, მერი აღარ აირჩიონ

478

მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაძლოა, ახალციხეში ქალაქის მერი აღარ აირჩიონ. მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის, მათ შორის ახალციხეცაა;

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების ინიციატივა, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, ჯერ პარლამენტში არ შესულა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციებს მართავენ.

მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.

ახალციხეში, რომელიც თვითმმართველი ქალაქი 2014 წლის ივლისში გახდა და თემს გამოეყო, ახალ ინიციატივას ძირითადად უარყოფითად აფასებენ. ახალციხის მერი და გამგებელი შეფასებისგან თავს იკავებენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ ჯერ გარკვეული არაფერია ამიტომ ვერაფერს იტყვიან. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე კი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება თუ ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება.

„თემის და ქალაქის გაერთიანებას მინუსებიც აქვს და პლიუსებიც. პლიუსი ისაა, რომ ხარჯები დაიზოგება, მინუსი კი ის, რომ საზოგადოების ნაწილი სამუშაო ადგილს დაკარგავს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თემი და ქალაქი გაიყო, ერთშიც და მეორეშიც მეტი თანხა იხარჯება პროექტებისთვის. ამიტომ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ახალციხეს თვითმმართველ ქალაქად დავტოვებდი“, – ამბობს ლომიძე.

ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მიქელაძეც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე აკეთებს აქცენტს: „ბიზნესი უნდა განვითრდეს და ადამიანები იქ უნდა დასაქმდნენ. არ ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი ჩინოვნიკების ხელფასებზე უნდა იხარჯებოდეს. ფული ქალაქის განვითარებას უნდა მოხმარდეს. მთავარია, გამგებელი იქნება თუ მერი, მუნიციპალიტეტის მართვა შეძლოს და კარგი მენეჯერი იყო“.

მიქელაძის პოზიციას იზიარებს ახალციხის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო მიქაბერიძე. მისი თქმით, მთავარია მუნიციპალიტეტი, გამგეობა იქნება ეს თუ მერია, გამართულად მუშაობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ერთეულების არც გაყოფას და არც გაერთიანებას აზრი არ აქვს: „ჩემზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ ამ საკითხზე და ალბათ ისე გადაწყვეტენ, როგორც უკეთესი იქნება“.

არ იზიარებს მიქელაძისა და მიქაბერიძის პოზიციებს ახალციხის პირველი მერის ყოფილი მოადგილე ზაზა თამარაშვილი. მისი თქმით, ქალაქისა და თემის გაყოფის გამო, ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში მეტი პროექტი განხორციელდა, ასე ორივე მუნიციპალიტეტი უკეთ ვითარდება და ამიტომ არ მიჩნია მიზანშეწონილად, რომ ახალციხემ ახლადმიღებული სტატუსი ისევ დაკარგოს: „თვითმმართველობებს კიდევ უფრო მეტი უფლებები უნდა მიეცეს სამომავლოდ“.

თვითმმართველობის უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას ახალციხის თამის საკრებულოს დეპუტატი მაკა სუდაძეც. მისი თქმით, დღეს, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა თვითმმართველი არაა და დეცენტრალიზაცია რეალურად ქვეყანაში არ შემდგარა. მიუხედავად ამისა, იგი ახალციხის თემთან გაერთიანებას არ მიესალმება.

„ალბათ ბიუჯეტს ვერ ავსებენ და ასე თანხის დაზოგვა უნდათ. დამატებითი სამუშაო ადგილების გამო პრობლემები შეექმნათ. თან არჩევნები მოდის და ბევრ წაგებულ ადგილსაც წინასწარ გაურბიან, იციან, რომ არა ერთ მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება გაუჭირდებათ. ამიტომ ერთ ადმინსიტრაციულ ერთეულში ურჩევნიათ ბრძოლა და მუშაობა, ვიდრე ორში“, – ამბობს სუდაძე.

რა გახდა მთავრობის ამ ინიციატივის დაყენების რეალურაი მიზეზი, არც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელმა გია ანდღულაძემ იცის. თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ მთავრობის გაჟღერებული საბაბი, თითქოს ხარჯების დაზოგვა უნდათ, გაუმართლებელია.
„ხარჯების შემცირება სხვა უამრავი ხერხითაც შეიძლება. თუ ასეა, მაშინ ზოგადად თვითმმართველობების შენახვაც ძვირი გვიჯდება და გავაუქმოთ, გავყოთ ქვეყანა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად და ისე ვმართოთ“, – აცხადებს ანდღულაძე და ამატებს, რომ ქალაქისა და თემის გაერთიენაბის წინააღმდეგია. მისი თქმით, ასე თვთმმართველობა ხალხს კიდევ უფრო დაშორდება. არადა მათი არსებობის მიზანი სწორედ მოსახლეობასთან ერთად აქტიური მუშაობა და საბიუჯეტო ხარჯების სწორად გაწერაა.

არ იზიარებს ანდღუალაძის პოზიციას ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციიდან ჯიმშერ გოგოლაური. მას მიაჩნია, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანება ხელფასებში ტყუილად გადაყრილ ფულს დაზოგავს, საბოლოო ჯამში კი ხელისუფლებისგან ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს, რაც დაზოგილი ფულით მეტ განხორციელებულ პროექტში გამოიხატება: „მიხვდნენ რომ მაშინ ეს გაყოფა არასწორი გამოუვდიათ და ახლა ისევ აერთიანებენ“.

ახალციხის ყოფილი გამგებელი და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გელა დემეტრაძე კი ფიქრობს, რომ ახლა როცა თემიცა და ქალაქიც გაყოფილია, ორივე მუნიციპალიტეტი მუშაობს, დოკუმენტები მოწერიგებულია და ქონება განაწილებული, მათ ხელახლა გაერთაინება არ უნდა დაშუვან: „როცა თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბდა ახალციხე ამისთივს დიდი ხარჯი გაიწია, მაშინ გამოდის, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო ეს და ამაზე ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.

მისი თქმით, დღეს ახალციხე მზადაა იმისთვის, რომ როგორც თვითმმართველმა ქალაქმა ფუნქციონირება ისე გააგრძელოს: „ყველაფერი უნდა გააკეთოს თვითმმართველობამ და სამხარეო ადმინსიტრაციამ იმისთვის, ახალციხემ ეს სტატუსი არ დაკარგოს“.

რა მოსაზრება აქვთ სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ახალციხის თვთიმმართველი ქალაქის სტატუსის გაქუმებაზე უცნობია.
„ჯერ არ ვიცნობ საკთხს და ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე