gurianews – 7 თვითმმართველი ქალაქი და 7 მუნიციპალიტეტი – მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

465

თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე,  სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში 7 თვითმმართველი ქალაქის (გორი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა) გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიზე თითო მუნიციპალიტეტი ჩამოაყალიბოს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

მთავრობის ეგ პოზიცია პარლამენტში გადაიგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უნდა მიიღონ, თუმცა არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასში რაიმე ცვლილების შეტანას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

“ფონდ ღია საზოგადოება- საქართველოს“ წარმომადგენელი კოკა კიღურაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ პირობებში თვითმმართველობის რეფორმა ეფექტს კარგავს.

“არცერთი ქალაქის გაყოფაზე არ მიიღეს გადაწყვეტილება. იქნება ერთი თვითმმართველი ქალაქი და ერთი მუნიციპალიტეტი დაჩენილ ტერიტორიაზე, ასე იქნება 2017 წლამდე. თვითმმართველობის რეფორმა ასე  ვერ განხორციელდება, ამის განხორციელებისთვის საჭირო იყო რაიმე ტერიტორიულ განსაზღვრას დაფუძნებოდა, მაგრამ ახლა უკვე ეს არარეალურია. ის არჩევითობის პრინციპიც კი იკარგება, რაც ამ რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. სოფლის მაცხოვრებლისთვის რეალურად არაფერი იცვლება. ნებისმიერი გარანტიები, რაც არის ბიუჯეტის ზრდა თუ არჩეული გამგებელი, ამ ყველაფრით სოფლის მოსახლეობა ვერ ისარგებლებს. არჩეული გამგებლები ისევ ქალაქში იქნებიან, მოსახლეობა კი მათ ვერ დაუახლოვდება, რაც რეფორმით უნდა მომხდარიყო. ამასთან, სხვადასხვა სოფლებს ერთიანი ბიუჯეტი ექნებათ, რომლებიც ერთ თემში იქნებიან გაერთიანებულები და ისევ წავა ამ ბიუჯეტის გადაქაჩვა ძლიერი სოფლებისკენ, რის გამოც შედარებით სუსტი სოფლები დაიჩაგრებიან. რეალურად ის მწირი ბიუჯეტი კი ამ რაიონებს არ ეყოფათ“, _ აღნიშნავს კიღურაძე.

რატომ არ მიიღო მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების და მოსახლეობის ინიციატივა მხედველობაში კიღურაძე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

“ერთი ის, რომ წინასაარჩევნოდ  ამ სიტუაციის არევა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, ამასთან, შეეშინდათ კონტროლის მექანიზმების ხელიდან გაშვების. ერთიანად არ უნდათ ამ ბერკეტების ხელიდან გაშვება, თუმცა შესაძლებელია, რომ  ეტაპობრივად გადაცემა მოხდეს. ახლა მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს და იქ მოხდეს ინიცირება. ჯერი პარლამენტზეა, ის არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები,  მაგრამ დიდი იმედები არც პარლამენტის გადაწყვეტილების გვაქვს, რადგან მთავრობის ეს პოზიცია, სავარაუდოდ, პარლამენტთან წინასწარ კონსულტაციების გზით ჩამოყალიბდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერჯერობით სამოქმედო გეგმაზე არ ჩამოვყალიბებულვართ, სავარაუდოდ, ჩვენს შენიშვნებს და სტრატეგიას პარლამენტს უახლოეს დღებში გადავუგზავნით“, _ აცხადებს კიღურაძე.