ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი 3 მლნ ლარით დაფინანსდება

512

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივით, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმისა და წინადადებების საჯარო განხილვა გაიმართა.

დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსება.

მერის თქმით, პროექტი სამომავლო განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით განხორციელდება. ამასთან, გაგრძელდება მუშაობა მეტი თანხებისა და ინვესტიციების მოსაზიდად.

გოჩა კურდღელიას განცხადებით, საკონკურსო წინადადებების მზადების პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მათგან ახალი წინადადებებისა და მოსაზრებების მოსმენა.

კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარების გეგმა და განსახორციელებელი სამუშაოები საზოგადოებას მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ გააცნო.

განხილვას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესის წარმომადგენლები და ქალაქის საზოგადოება დაეწრო.