თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება

397

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება.

როგორც “პირჭელს” რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს,  პირველი შეხვედრები შერგელაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვან სტაასთან გამართა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთდა.

როგორც თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ რეფორმით მოხდება რეალური დეცენტრალიზაცია და სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოყალიბდება.

შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და კონგრესის პრეზიდენტთან მოხდა შეთანხმება, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

ამასთან, თენგიზ შერგელაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ.

“შეხვედრაზე ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც თვითმმართველობის სფეროშია დაგეგმილი. ასევე, იყო შეკითხვები სხვა სფეროებიდანაც. არსებობს დიდი ინტერესი ძალიან ბევრი თემის მიმართ, რომელიც საქართველოს, ახალი ხელისუფლების ხედვას და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის თვითმმართველობის განვითარებას უკავშირდება. შეხვედრაზე ასევე, შევეხეთ იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა თვითმმართველობისთვის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა მივიღოთ და შესაბამისად მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო დონეზე და შევთანხმდით, რომ  იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც დაგვაზღვევს იმ გაუგებრობებისგან, რაც ხშირად ცალკეულ დოკუმენტებში ჩნდება ხოლმე”, – აღნიშნა შერგელაშვილმა.

შეხვედრა დადებითად შეაფასა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა ჰერვიგ ვან სტაამ.

“ეს გახლდათ მეტად საინტერესო შეხვედრა. საქართველოს ვიცნობ უკვე ოცი წელია. ეს იმ დროიდან, როცა მე გახლდით ქალაქ ინსბრუკის ბურგომისტრი და ასევე გახლდით ტიროლის მხარის მმართველობაში და ტიროლი დავუმეგობრე საქართველოს. რაც მთავარია, შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შედგება ჩვენი ურთიერთობები რეგიონული მმართველობის საკითხებში, ყურადღება დავუთმეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმების გატარებას, რომელსაც ახლა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი განიხილავს და რომელიც უნდა გახდეს დემოკრატიული მმართველობის გარანტი რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებში. მინდა, გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლება მიდის ამ მიმართულებით. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდა მუდმივად საქართველოსთან და ახლაც საჭიროა, რომ ეს ურთიერთობები განვითარდეს და წარმოდგენილი პროგრამა დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს”, – განაცხადა ჰერვიგ ვან სტაამ.

იხილეთ რესურსი