ივანიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უბადრუკი ჩარევის შემთხვევები ჩვენს კმაყოფილებას არ იწვევს_ ბიძინა ივანიშვილი

423

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენები მას ყველაზე მეტად აწუხებს. მან ამის შესახებ თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხის პალასში“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების 100-დღიან საქმიანობას აჯამებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი შენიშვნა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მერებისა და გამგებლების შეცვლის პროცესზე ჰქონდათ.

ივანიშვილის თქმით, მოვლენების უკეთესად წარმართვის მექანიზმი არ არსებობდა.

განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ ყოფილა და ისინი „ზემოდან იმართებოდა“.

„შევეცადეთ ამ პროცესებში არ ჩარვეულიყავით, გამგებლებს არ შევხებოდით. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ძველი გამგებლები ყოფილიყვნენ და პასუხისმგებლობის ნაწილი ძველ ხელისუფლებაზე დარჩენილიყო. ამ პროცესებში ჩარევის უბადრუკი შემთხვევები ჩვენ კმაყოფილებას არ იწვევს“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, იგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე დიდ იმედს ამყარებს. რეფორმაზე მუშაობა დასრულდა და მზად არის იმისთვის, რომ საზოგადოებაში მისი განხილვა დაიწყოს.

„თუ დეცენტრალიზაციას მოვახერხებთ და რეალური თვითმმართველობა დამკვირდდება, გარწმუნებთ, საზოგადოება დემოკრატიის მიმართულებით განვითარებას მალე დაიწყებს“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ რესურსი