ვინ გახდება პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯერჯერობით, უცნობია

759

ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტს დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გადაინაცვლებს.

ლილუაშვილმა droa.ge-ს უთხრა, რომ მისი შემცვლელის საკითხზე კონსულტაციები პარლამენტში ჯერ არ გამართულა, რადგან გადაწყვეტილების მიღება მოკლე დროში – 2 დღეში მოუხდა. მისი თქმით, კომიტეტში ბევრი ღირსეული დეპუტატია და ამიტომ არ იცის, ვისზე შეჩერდება არჩევანი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ ამ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას თავმჯდომარეობა აღარ ერგო. მოადგილეები არიან, ასევე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, მერაბ ქვარაია და “ევროპული საქართველოს” წევრი მამუკა ჩიქოვანი, რომელიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა.

ვისზე გაკეთდება არჩევანი, სავარაუდოდ, კონსულტაციების შედეგად მომდევნო კვირაში გადაწყდება.