ბათუმი, გორი, ზუგდიდიდ, ფოთი, წყალტუბო… – აქციები საოლქო კომისიებთან

609

ზუგდიდში #67 საოლქო კომისიის შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. მათ შენობასთან საანგარიშოს დადება სურთ, რის საშუალებასაც მათ სამართალდმცავები არ აძლევენ.

როგორც ენმ-ს წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხდა, სწორედ ეს შენობა არის ცესკოს ფილიალი, რომელიც არჩევნების გაყალბებას ემსახურება.

„სხდომის დარბაზს ჩვენი წარმომადგენელი ტოვებს. ეს საოლქო კომისია როგორც სხვა საოლქო კომისიები თამარ ჟვანიას – მთავარი გამყალბებლის ინტერესებს ემსახურება”,- განაცხდა ბასილაიამ.

საპროტესტო აქციები იმართება სხვა ქალაქებშიც.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები მართავენ.

აქციის მონაწილეები, სასტვენების თანხლებით სკანდირებენ ფრაზებს: „მონა“, „არჩევნების გამყალბებელო“ და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მალხაზ მირუაშვილს ადანაშაულებენ არჩევნების შედეგების გაყალბებაში.

ამ წუთებში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის მიღების პროცესი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მინებზე სტიკერებიც გააკრეს, რომელზეც მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე არიან გამოსახულები. საოლქო საარჩევნო კომისიის შესასვლელ ცენტრალურ კართან პოლიციელები განლაგდნენ.

„დღეს, საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს გორისა და კასპის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგებს, ანუ, გრძელდება გაყალბების პროცესი, გრძელდება არჩევნების მოპარვის პროცესი და სწორედ ამას ვაპროტესტებთ. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ არ შევეგუებით არჩევნების მოპარვას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა.

ასევე აქციის ფონზე მინდინარეობს საოლქო საარჩევნო კიმისების შემაჯამებელი სხდომები  ბათუმშიც,  ფოთშიც და თბილისშიც.

შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. საპარლამენტო მანდატებზე პარტიებმა უარი ოფიციალურად განაცხადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.