თარხნიშვილი: კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს

1088

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.

მისივე თქმით, ფორსმაჟორული სიტუაცია რისკს ქმნის, რომ კომისიების დაკომპლექტება არაკვალიფიციური და მიკერძოებული პირებით მოხდება.

ამავდროულად, თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მიმართებაში არსებობს პრობლემები, რომელიც მათი მონაწილეობის შანსს არჩევნებში ამცირებს.

„ზოგადად, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე პრობლემა აქვს. პირველი, ის, რომ მართლაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში და შემჭიდროებულ დროში უწევს საარჩევნო ადმინისტრაციას მოქმედება და ეს ზრდის არაკვალიფიციური კადრებით, ან მიკერძოებული კადრებით კომისიების დაკომპლექტების ალბათობას, რისი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს.

მეორე, ეს არის ის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ძალიან მოკლე დროში უნდა გაიაზრონ და მიიღონ ახალი რეგულაცია, რომ თვითონ უნდა შეატყობინონ გადასატანი ყუთის აუცილებლობაზე მათთვის, რაზეც ჩვენი წინადადება იყო და რჩება, რომ პროაქტიულად საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაწოდოს მათ ეს ინფორმაცია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

კარგი იქნებოდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას უფრო აქტიურად ემოქმედა, თუმცა შედეგი რაც გვაქვს ეს გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რისკი შევამციროთ და ამ რისკის შემცირების ერთადერთი გზა არსებობს, ამომრჩევლების აქტიურობა, პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა და ზეწოლა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ისე მთლიანად მთავრობაზე.

სწორედ ეს იქნება იმის გარანტია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება გამჭირვალედ და პატიოსნად და მივიღებთ იმ შედეგს, რა დაკვეთაც არსებობს საქართველოს მოსახლეობის და ეს დაკვეთა არის ცვლილებები და „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.