ელენე ხოშტარია თბილისში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღების იდეით გამოდის

1087

“ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია თბილისში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის გატარებისა და ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბების იდეით გამოდის. ამის შესახებ მან დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი სურვილია, რომ თბილისი რამდენიმე თვითმმართველ ერთეულად დაიყოს, თითოეულ თვითმმართველ ერთეულს კი პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი და ადგილობრივი საბჭო მართავდეს. უნდა გაიმიჯნოს, ასევე, დედაქალაქის პირველი (თვითმმართველი ერთეულები) და მეორე (მერია/საკრებულო) დონის თვითმმართველობის უფლებამოსილებები და ფინანსები. ხოშტარია თვლის, რომ, ამ სისტემის შემოღებით, თბილისი უკეთ განვითარდება, ხოლო დედაქალაქის მოსახლეობას თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა მიეცემა.

“ჩემი ხედვით, თბილისი უნდა დაიყოს რამდენიმე თვითმმართველ ერთეულად, რომელთა გამგებლებსაც და ადგილობრივ საბჭოსაც მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს. ქონების გადასახადი და ადგილობრივი მოსაკრებელი დარჩება რაიონებს, რაც, მაგალითად, ვაკის რაიონის ბიუჯეტის გაორმაგებას ნიშნავს, ხოლო ბიუჯეტის განკარგვის პროცესში გადაწყვეტილებებზე ადგილობრივი მოსახლეობის გავლენა გაიზრდება”, – აცხადებს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი.

რაც შეეხება პარტიის ზოგად ხედვას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, მათი სურვილია, რომ გადაწყვეტილებების მიღება რაც შეიძლება ქვედა დონეზე ჩაიტანონ. ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი ფინანსური შესაძლებლობები და შესაბამისად, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს. ეს კი, პირველ რიგში, ადგილებზე საშემოსავლო გადასახადის დადტოვებით უნა მოხდეს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა პარტია მზად, დაიწყოს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმაზე მსჯელობა, აბესაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბრის დაწყება შესაძლებელია, თუმცა, ეს უფრო ხანგრძლივი პროცესი იქნება.