TI: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება არაკონსტიტუციურია

1014

პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, ადამიანის ზოგიერთი ძირითადი უფლებების შეზღუდვა საკარანტინო ღონისძიებების სახით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის გამოყენების წესსა და მასშტაბებს მთავრობა განსაზღვრავს.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” განცხადებით, კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ  ადამიანის იმ  ძირითად უფლებათა შეზღუდვას  ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.

“საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა  უმრავლესობის წევრების (დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე) საკანონმდებლო ინიციატივა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში”  ცვლილებების შეტანის შესახებ. ინიციატორები პროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

  1. კანონპროექტის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან

კანონის პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს:

  • საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება;
  • პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
  • საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
  • ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგ. შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება  მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

  1. საკარანტინო ღონისძიებების გათანაბრება საგანგებო მდგომარეობასთან

კანონის პროექტით, საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ  ფაქტობრივად უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების წესს კი მთავრობა განსაზღვრავს.

ადამიანის ძირითად უფლებათა ამ მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს და სწორედ ამიტომ კონსტიტუცია შეკრების, შრომის, პროფესიული და  ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა შეზღუდვას მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს.

  1. პარლამენტის როლის იგნორირება ადამიანის ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვისას

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პარლამენტის როლი განმსაზღვრელია. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები.

საგანგებო მდგომარეობის დროს  პარლამენტის მხრიდან  საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ვითარებაში მეტია ადამიანის უფლებათა არაპროპროპორციული შეზღუდვის რისკი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში პარლამენტს ფაქტობრივად არ განუხორციელებია საპარლამენტო კონტროლი და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე არ უმსჯელია.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კი, სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია. თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებათა არაკონსტიტუციური შეზღუდვა. პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს. პარლამენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კრიტიკულ ვითარებაშია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ამ დროს კონსტიტუციით დადგენილი  უფლებამოსილებების მთავრობისთვის უკანონოდ გადაცემა. 

პანდემია, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა, არადემოკრატიული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის გამოიყენება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდება. აღსანიშნავია ასევე, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა, მათ შორის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების, უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურად შეზღუდავს”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.