საქართველოს მასშტაბით დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს

725

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დღეისთვის 47 ღია აგრარული ბაზარი მუშაობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ 47-ვე ბაზარს გაუწიეს შესაბამისი რეკომენდაციები.

„ჩვენი ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს როგორც ამ გახსნილ 47 ბაზარში, ასევე იმ დარჩენილ ბაზრებში, რომელთაც ჯერჯერობით ჩვენთვის არ მოუმართავთ და დარჩენილი აქვთ რეკომენდაციების შესრულების ნაწილი. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის რეკომენდაციებზეა დაყრდნობილი და მნიშვნელოვანია, რომ მოვაჭრეები აღჭურვილი იყვნენ პირბადეებით, ხელთათმანებით, მათ სამუშაოს დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეთ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი ჩანაწერების სახით უნდა იყოს დაფიქსირებული დირექციის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, როგორც მომხმარებლებში, ასევე მოვაჭრეებში“, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.

მისივე თქმით, ბაზარში პირების შესვლასა და გამოსვლას გააკონტროლებენ როგორც ბაზრის ადმინისტრაცია, ასევე მოვაჭრეები.

„ეს მათი მოვალეობა და სამოქალაქო ვალდებულებაა. თუ ბაზრის ადმინისტრაცია მენეჯმენტს სწორად მომართავს, მარტივი შესასრულებელი უნდა იყოს ეს რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები და წესები დაირღვევა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციებს, რაც საკმაოდ დიდია. საჯარიმო სანქციები არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ გავაფრთხილებთ ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ, რომ დაიცვან რეკომენდაციები“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.