ღია წერილი თბილისის მერს, კახა კალაძეს – პარკი ოქროს უბანს

1706

ბატონო კახა,

თბილისის ისტორიული უბნების ფასეულობათა შენარჩუნება და მათი ყოველმხრივი განვითარება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია – ამაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ ბევრჯერაა ნათქვამი, თუმცა, ძველი ქალაქის უბნების მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, მათი განვითარება ისევ ფერხდება.

საბინაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ამ უბნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტი მათში საზოგადოებრივი სივრცეების აღდგენა-მოწესრიგებაა. საზოგადოებრივ სივრცეთა გამართული ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე დიდი ქალაქის ჯანსაღი ცხოვრება, რადგან ისინი ქმნიან მის საბაზისო სტრუქტურულ სისტემას, მის სახეს და მათი დეგრადაცია ქალაქის გაუფასურებას, მისი ხიბლის დაკარგვას იწვევს – ქალაქს მისი მოქალაქეც და სტუმარიც საზოგადოებრივ სივრცეთა მიმზიდველობით აფასებს. ისტორიული ქალაქი კი ტრადიციული უბნებისგან შედგება და ამდენად, მათი საზოგადოებრივ სივრცეთა ჩამოყალიბებული სისტემები ქმნიან მთელი ძველი ქალაქის არსებით სტრუქტურულ საფუძველს.

საზოგადოებრივ სივრცეთა საუბნო სისტემის ერთი განუყოფელი ნაწილი საზოგადოებრივი პარკია, რაც ყველა უბნელისა და სტუმრისთვის საქვეითოდ მისაწვდომი უნდა იყოს, რათა ქალაქის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური გადატვირთვისა და ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში ეფექტური სარეკრეაციო ფუნქცია შეასრულოს. საზოგადოებრივ სივრცეთა სისტემის სწორედ ამ ელემენტის, პარკების დეფიციტს განიცდიან თბილისის ისტორიული უბნები და ეს დეფიციტი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა.

ასეთ პირობებში ქალაქის საკუთრებაში არსებულ ყოველ კვადრატულ მეტრს, რომლის გამწვანებაც შეიძლება, ძველ უბანში განუზომელი ფასი აქვს. თბილისისთვის ერთ-ერთი ასეთი ფასდაუდებელი ადგილი ოქროს უბანშია, სადაც ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის მოქცეული მთელი კვარტალი მოქალაქეთა საკუთრებას წარმოადგენს. ყველამ, ვინც ამ უბნს იცნობს, იცის, რომ აქ, ცუდი ბუნებრივი განიავებისა და გადაჭარბებული საავტომობილო მოძრაობის გამო, გარემო უკიდურესადაა დაბინძურებული, ხოლო ამის საპირწონედ უბანში არც ერთი სარეკრეაციო სივრცე არ არსებობს. ეს მდგომარეობა, გარდა იმისა, რომ აქ ცხოვრების ხარისხს აქვეითებს, აფერხებს მთლიანად უბნის განვითარებას, რადგან ეს განვითარება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული წვრილი მეწარმეობისა და მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ეს უკანასკნელი კი უშუალო კავშირშია საზოგადოებრივ სივრცეთა, ე.ი. ქუჩებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების ხარისხთან. ამიტომ ზემოთ აღნიშნულ კვარტალში საქალაქო პარკის დაარსება შეიძლება გახდეს პირველი გადადგმული ნაბიჯი არა მარტო ოქროს უბნის გამოცოცხლებისთვის, არამედ თბილისის მთელ მარცხენა სანაპიროზე საზოგადოებრივ სივრცეთა, ე.ი. ქუჩების, მოედნებისა და პარკების, ეფექტური სისტემის შექმნისთვის, რაც ამ სივრცეებში წვრილი მეწარმეობისა და სარეკრეაციო ფუნქციების დაბალანსებულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ზემოთ აღნიშნულ კვარტალში პარკის დაარსება ოქროს უბნის მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2018 წელს ორჯერ მოსთხოვა მერიასა და საკრებულოს (535 და 476 ხელმოწერა), ხოლო წელს, თებერვალში, უფრო ფართე საზოგადოებამ მერიის პლატფორმაზე – „შენი იდეა ქალაქის მერს“ იმავე ადგილას პარკის დაარსების მოთხოვნა 2500 ხელმოწერით დაადასტურა და ამით დაავალდებულა მერია, ეს საკითხი გამოწვლილვით შეისწავლოს. ეს ნიშნავს, რომ აქ საქალაქო პარკის მოწყობა არა მარტო პროფესიული მოსაზრებებითაა უპრიანი, არამედ მისი აუცილებლობა ოქროს უბნელების მიერ მკაფიოდაა გაცნობიერებული და ამ იდეას თბილისელ მოქალაქეთა გაცილებით ფართე წრეც უჭერს მხარს.

ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ აღნიშნული მოსაზრება და დააარსოთ ოქროს უბნის საქალაქო პარკი ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში, რითაც გადადგამთ მთელი უბნის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯს.

ვითვალისწინებთ რა თქვენს მრავალ განცხადებას თბილისში გამწვანებულ ტერიტორიათა განვითარების აუცილებლობის შესახებ, გვაქვს იმედი ამ თხოვნის დაკმაყოფილებისა.

პატივისცემით,

ზურაბ ბაქრაძე – ა(ა)იპ „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია, თბილისის“ დირექტორი.

ნინო გუჯარაიძე – ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორი

ნატო ცინცაბაძე – „ICOMOS საქართველოს“ პრეზიდენტი

ანა მარგველაშვილი – ა(ა)იპ „სათემო განვითარების ცენტრის“ დირექტორი

მაგდა პოპიაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს მედია-კლუბის“ თავმჯდომარე, ვებპორტალის “თვითმმართველობის დროა” რედაქტორი

ხათუნა გველესიანი – ა(ა)იპ „იარე ფეხით“-ის აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი ბაბუნაშვილი – ა(ა)იპ „ურბანული ლაბორატორიის“ გამგეობის თავმჯდომარე

ანანო ცინცაბაძე – ა(ა)იპ „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ პროექტების მენეჯერი