თბილისის მერია “სიტი პარკის“ აქტივებს ყიდულობს

722

შემდეგი სტატია

თბილისის მერია კომპანია “სიტი პარკისგან“, რომელსაც, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, “სიტი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ “სიტი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია.

“ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ, რომ “სიტი პარკს“ აქვს პარკირების მომსახურებისთვის ყველა საჭირო აქტივი. გვაქვს ინტერესი შევისყიდოთ ეს აქტივები, მათ შორის ევაკუატორები, სამკერდე კამერები. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებიდან გამომდინარე “სიტი პარკს“ ცოტა ინერტულად მიჰყავს სამართლებრივი დავა. არ არის აქტუალურ ფაზაში შესული ეს დავა და არბიტრაჟშიც არ არის სარჩელი შესული. სარჩელი სასამართლოში შეტანილია, დავაზე მათ ჯერ უარი არ უთქვამთ, მაგრამ არბიტრაჟში არ შეუტანიათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ხმალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მას არ სურს საუბარი იმ თანხაზე, თუ რა შეიძლება გადაუხადოს მერიამ, “სიტი პარკს“ აქტივების გამოსყიდვისთვის.

“ამ ეტაპზე, არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან არ დასრულებულა მოლაპარაკებები. საუბარია იმ აქტივის შესყიდვაზე, რომელიც პარკირებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის ვიცემერის, ინფორმაციით, “სიტი პარკთან“ მოლაპარაკებებს მერიის მიერ დაქირავებული ის კომპანია ახორციელებს, რომელსაც სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი გადაურიცხეს. თუმცა, როგორც ხმალაძე განმარტავს, კომპანია “ემ ჯი”-მ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა და მერიას მისი მეორედ დაქირავებაც დასჭირდა.

“სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამ მოლაპარაკებებს. ორჯერ დავიქირავეთ ეს კომპანია. ერთხელ კომპანიას ვადა ამოეწურა და იმ ვადის ფარგლებში აწარმოა მოლაპარაკებები. მეორედ დაქირავებაც დაგვჭირდა და ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ზუსტად რა თანხაა გადახდილი კომპანიისთვის, წარმოდგენა არ მაქვს, ამ მომენტში არ ვიცი. მეორე ეტაპი პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით ნაკლები ხანგრძლივობის იქნება და მოლაპარაკების მოცულობაც ნაწილში, მცირეა“, – განაცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში თბილისის მერიამ კომპანია “სიტი პარკს“ პარკირებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ დროიდან პარკირებაზე ზედამხედველობას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

“სიტი პარკმა“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რაც კომპანიამ უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ “სიტი პარკის“ სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას. შესაძლოა, კომპანიისთვის პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროს.

კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

2018 წლის 10 აპრილს სიტი პარკი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაანაცვლა.