რამდენით დაფინანსდებიან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები 2020 წელს დღგ-ის 19%-დან

1679

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას კვლავ ახალციხის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მისი დაფინანსება მომავალი წლისთვის 2 მილიონით გაიზრდება და წლევანდელი 8 638.8 ათასი ლარის ნაცვლად, 10 798.4 ათასი გახდება. იცვლება დაფინანსების კოეფიციენტიც და ის 0.91%-დან 1.06%-მდე აიწევს.

ახალციხის შემდეგ ყველაზე მეტ დაფინანსებას ადიგენი მიიღებს. თუ წელს დღგ-ის 19%-დან ადიგენის მუნიციპალიტეტი 4 300.6 ათასით ფინანსდებოდა, გაისად ეს თანხა 1 მილიონით მოიმატებს და 5 375.8 ათასი ლარი გახდება. 0.45%-დან 0.53%-მდე გაიზარდა მისი დაფინანსების კოეფიციენტიც.

თითქმის 700 ათასით მოიმატებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 0.29%-იანი დაფინანსებით 2 788.4 ათასი მიიღო, 2020-ში კოეფიციენტი 0.34%-მდე გაეზრდება და 3 485.5 ათას ლარს მიიღებს.

243 ათასით გაიზრდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ნაცვლად წლევანდელი 975 ათასი ლარისა, გაისად 1 218.8 ათასს მიიღებს. შესაბამისად, მცირედით – 0.10%-დან 0.12%-მდე მოიმატა დაფინანსების კოეფიციენტმაც.

0.7%-დან 0.8%-მდე, შესაბამისად, 165 ათასით გაიზრდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-ის განაწილებიდან 662 ათასი ლარი ერგო, გაისად მას 828 ათას ლარს მისცემენ.

რეგიონში ყველაზე დაბალი დაფინანსება კვლავ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ექნება, თუმცა, თანხა მცირედით – 162 ათასით მასაც ემატება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-ის განაწილებისას 650 ათასი მიიღო, 2020-ში ეს თანხა 812 ათასამდე მოიმატებს. შესაბამისად, უმნიშვნელოდაა გაზრდილი დაფინანსების პროცენტიც და ის 0.07%-დან 0.08% ავა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.