„მთავარი პრობლემა საკითხისადმი დამოკიდებულებაა – თვითმმართველობებისთვის გამჭვირვალობა არ არის პრიორიტეტი“

3705

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მაგალითად მუნიციპალიტეტების 71% აქვეყნებს ზოგად ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესახებ, მაგრამ 5%-მდეა ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა საწვავის დეტალური ხარჯები, 10%-მდეა პრემიებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები და ..” – აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ერთ-ერთი ავტორი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტი გიორგი ტოკლიკიშვილი.

– 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოვისმინეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ანგარიში. შეფასდა საქართველოს 64 მუნიციპალური ხელისუფლების ღიაობა და ანგარიშვალდებულება და დაჯილდოვდა 5 მუნიციპალიტეტი.  ყველაზე გამჭირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტად ბათუმი დასახელდა, 61%-ანი შედეგით. ყველაზე გაუმჭირვალედ დასახელდა ახალქალაქი 6%-ით. ძირითადად, რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევისას?

– ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი შეფასება ჩატარდა 2017 წელს. ახლა, 2019 წელს, ჩატარდა მეორედ. წინა შეფასების შედეგებთან მიმართებით, მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულებების ხარისხი საშუალოდ 7%-ით გაიზარდა და 28% გახდა. გასაგებია, რომ 7%-იანი ზრდა არ არის ის, რაზეც, შეიძლება, ბევრი ვისაუბროთ, თუმცა, ეს მაინც დადებითი ტენდენციაა.

დადებითი ტენდენციიდან, ასევე, გამოვყოფდი იმას, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, 64-დან 44 მუნიციპალიტეტს, აქვს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდა. იგივე ბათუმის მუნიციპალიტეტის შედეგი გაუმჯობესდა 34%-ით, სენაკის -26%-ით. ზოგს გაუმჯობესება აქვს მხოლოდ 1-2%. მაგალითად, კასპის, ხობის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გაუმჯობესებაა მხოლოდ 1%.  თუმცა, ასევე, 15 მუნიციპალიტეტს აქვს კლების ტენდენცია, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია. გურჯაანში შედეგი გაუარესდა 11%-ით, მარნეულში – 8%-ით.

ადგილობრვი თვითმმართველობის ინდექსი კონკრეტულად რას მოიცავს?

– ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 98 კრიტერიუმისაგან და გაერთიანებულია სამ თემატურ ბლოკში, ესაა: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა. ინდექსი შედგება კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და კარგი და ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობა არ ითხოვს, საწვავის ხარჯები ჩაშლილად ედოს მუნიციპალიტეტს ვებ-გვერდზე, ან ადმინისტრაციული თუ წარმომადგენლობითი ხარჯები გამოაქვეყნოს, მაგრამ ინდექსი კანონმდებლობაზე მაღალ სტანდარტს ადგენს და ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს, ეს ხარჯებიც უნდა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტებმა.

რამდენად ქვეყნდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ხარჯები?

– ამაზეა საუბარი, რომ არ ხდება. მხოლოდ ერთი და ორი მუნიციპალიტეტი შეიძლება იყოს, რომელსაც მედიისა და არასამთავრობოებისთვის საინტერესო ხარჯები აქვს გამოქვეყნებული და ეს პრობლემაა.

მაგალითად მუნიციპალიტეტების 71% აქვეყნებს ზოგად ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესახებ, მაგრამ 5%-მდეა ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა საწვავის დეტალური ხარჯები, 10%-მდეა პრემიებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები და ა.შ. მაგალითად, წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტში ჩასულ სტუმრებს და მათ გამასპინძლებას, გამოქვეყნებული ჰქონდა მხოლოდ ლაგოდეხის საკრებულოს, ბრძანებების მიხედვით.

ასევე არის საკითხები, რომლის გამოქვეყნებასაც კანონი პირდაპირ ითხოვს და არ სრულდება. მაგალითად, 11 მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო არ არის დაფუძნებული. კანონი ითხოვს, რომ საერთო კრებები ტარდებოდეს და უმრავლეს მუნიციპალიტეტში არ ტარდება. ასევე პრობლემაა ის, რომ საკრებულოს სხდომის ოქმები უნდა ქვეყნდებოდეს და მინიმუმ ნახევარში არ ქვეყნდება. არსებული 98 კრიტერიუმიდან ნაწილია, რასაც კანონი ითხოვს და  მისი ნაწილი არ სრულდება, ასევე არის მაღალი სტანდარტები, რასაც უფრო სრულად ასრულებენ მუნიციპალიტეტები, მით უფრო, რომ კანონი ამას არ სთხოვს.

თუკი მუნიციპალიტეტი კანონის მოთხოვნას არღვევს, ასეთ შემთხვევაში რა ხდება, რაიმე სანქცია არსებობს?

-არ არის სანქციები და ჯარიმები. ძირითადად, პასუხისმგებლები არიან პოლიტიკურად, ადამიანებს შეუძლიათ, ისინი აღარ აირჩიონ.

ყველაზე მეტად რა მიმართულება გაუარესდა?

-ძირითადად, შეიძლება ვთქვათ, რომ 2017 წელთან შედარებით, გაუარესებები ასეთი მკვეთრი არ არის. ერთი, რაც გაუარესდა, ეს არის მერების და  საკრებულოს წევრების ანგარიშგების პრაქტიკა მოსახლეობასთან. 2017 წელს უკეთესი მაჩვენებელი იყო.

2017 წელთან შედარებით ძალიან მცირედით, მხოლოდ 7%-ითაა გაუმჯობესებული შედეგები და ამას როგორ აფასებთ?

– სიმართლე გითხრათ, 7%-იან ზრდასაც არ ველოდი, თუმცა, ეს არაფერი ზრდა არ არის, თან იმ ფონზე, რომ შედეგები ლაგოდეხის საკრებულომ 44%-ით გაზარდა, წალენჯიხის საკრებულომ – 35%-ით, ასევე ბათუმის მერიამ – 39%-ით გაზარდა. როდესაც ასეთი ლიდერები ერთი-ორი გყავს, ეს ნიშნავს, რომ  დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ბევრი არაფერი მომხდარა.

რატომ არ იზრდება ეს შედეგი, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ, თუ უბრალოდ არამიზნობრივ, ზედმეტი ხარჯების მიჩქმალვის გამო ხდება ასე?

– ლიდერებზეა დამოკიდებული, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე და მათ დამოკიდებულებაზე გამჭირვალობის მიმართ. მთავარი პრობლემა საკითხისადმი დამოკიდებულებაა, თვლიან, რომ ეს არ არის მათთვის პრიორიტეტი. ასევე, რატომაც არა, მათ შორის, რაღაც მიმართულებით მალავს ხარჯებს. თუმცა, იქ იმდენი მიმართულებაა, რომ შეიძლება რაღაც დამალო 1-2 მიმართულებით, მაგრამ 98 კრიტერიუმიდან ნახევარს როცა არ ითვალისწინებ, ეგ უკვე დამოკიდებულების შედეგია.