IDFI: საქართველოში სახელმწიფო რწმუნებულების მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლფასია

1630

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზია მოცემული. IDFI-ის კვლევას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ამ მიზნით, IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) ახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. IDFI-მ ახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების განკარგვასთან (უსასყიდლოდ გადაცემა, თხოვება და ა.შ.) დაკავშირებით, ასევე, ინფორმაცია ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან მოითხოვა.

ძირითადი მიგნებები: 

9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;

ყველა სახელმწიფო რწმუნებულზე განპიროვნებულია “TOYOTA LANDCRUISER-ის” მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;

2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;

2017-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;

2017-2018 წლებში 7 სახელმწიფო რწმუნებულის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი;

2018 წელს გურიის სახელმწიფო რწმუნებულების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;

2017-2018 წლებში 7 სახელმწიფო რწმუნებულის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს;

თითოეული სახელმწიფო რწმუნებულის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ, დაახლოებით, სამჯერ შემოუარეს დედამიწას;

2017-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებულებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;

2017-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებულებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

საქართველოს სახელმწიფო სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ავტოპარკის ანალიზმა ნათლად აჩვენა მის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ბიუროკრატიული აპარატის ავტოპარკის მასშტაბი, არაეკონომიური მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების მაჩვენებლები, და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებს.

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციის ავტოპარკის განკარგვის გამჭვირვალობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის არსებული პრაქტიკა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ ძვირადღირებული ავტომობილების უსასყიდლოდ გადმოცემა აჩენს კითხვებს მუნიციპალური ქონების მიზნობრივად განკარგვასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება მმართველობის დეცენტრალიზაციის მიზნებს და ეჭვქვეშ აყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხს.

სახელმწიფო რწმუნებულების მიერ ავტოპარკის განკარგვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხის განხილვის აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავტომანქანა.

2017-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი”, – ნათქვამია “IDFI-ის” კვლევაში.

კვლევის სრულად სანახავად გადადით ამ ბმულზე.