სოფელ ტანძიაში RMG Gold-ის წინააღმდეგ მე-17 დღეა აქცია იმართება

1650

სოფელ ტანძიაში, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ კიდევ ერთი აქცია 26 აპრილს გამართა. მათ RMG Gold-ის წარმომადგენლებსა და დაცვის პოლიციას ბნელ ხევში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობამ პიკეტირება მოაწყო და ტრანსპორტი, რომელშიც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, გზაზე არ გაატარა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

სოფლის მოსახლეობის თქმით, კომპანია ბნელ ხევში ღია კარიერის მოწყობას გეგმავს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ზიანს მიაყენებს როგორც იმ ტერიტორიაზე განთავსებულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე ტყის მასივს, რომლის მასიური გაჩეხვა უკვე დაწყებულია.

ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ბნელ ხევში კარვებს გაშლიან და კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.