მთავრობა უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური და სხვა ტიპის კურორტების გაყიდვას გეგმავს

245

მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.

პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.

„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უფრო დეტალურად გვექნება პრეზენტაცია. უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის, ბალნეოლოგიური კურორტები,“ – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამასთან, საქართველოში ყველაზე პოპულარული ადგილების რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება.

„ჩვენ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ჩავდეთ. ჩვენ დავიწყებთ ყველაზე პოპულარული ადგილების – ბორჯომის, ბაკურიანის, ყაზბეგის, მესტიის, წყალტუბოს, ბათუმის ქუთაისის, მცხეთის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას. ასევე, მანგლისი-სიონის და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.