კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

308

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. აღნიშნულ მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია.

იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის კედელი, გაბიონები და სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველად განხორციელდა 24-მეტრიანი ჩამოშლილი მონაკვეთის აღდგენა, რომელიც კლდეში 12 ვერტიკალურ მიკროხიმინჯზე დაფუძნებული რკინაბეტონის კედლით და 30 ფოლადბაგირიანი ანკერით, ჩამოშლილი ფერდის სიმყარეს იჭერს.

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536 029 ლარით დაფინანსდა.