უნწაში ადიგენის მერიამ კათოლიკეებს სამლოცველო დააცლევინა

233

ერთი წელია, რაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში კათოლიკური წირვები აღარ ტარდება. შენობა, სადაც ლიტურგიები ბოლო 15 წლის განმავლობაში აღევლინებოდა, ადიგენის მერიის მოთხოვნით სამრევლომ დაცალა. მიზეზად, მისი რეაბილიტაცია და კულტურის ცენტრად გადაქცევა სახელდებოდა, თუმცა სამუშოები დღემდე არ დაწყებულა, – წერს კათოლიკე ეკლესიის მედია catholic.ge.

„სამლოცველო შენობაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით, სასწრაფოდ დაგვაცლევინეს შენობა. მერიის მხრიდან ამის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ამ შენობას სასწრაფოდ უნდა ჩასტარებოდა რესტავრაცია, რათა სოფელს ჰქონოდა კულტურის ცენტრი. გვითხრეს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩვენ გველოდებოდა, რომ დაგვეცალა შენობა და იმავე დღეს დაიწყებდნენ სარესტავრაციო სამუშაოებს. ხოლო რესტავრაციის შემდეგ, ისევ დაგვითმობდნენ პატარა ფართს სამლოცველოსათვის, რაც სამწუხაროდ, სიცრუე აღმოჩნდა“,– ამბობს  გამოცემასთან სოფელ უნწის ვიკარი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი.

ბექა ჩილინგარაშვილის თქმით, შენობის დაცლიდან დღემდე, არათუ სარეაბილიტაციო სამუშოები დაიწყო, არამედ ის უფრო დაზიანდა. მას შემდეგ, კათოლიკე ეკლესიამ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, სოფელ უნწაში ალტერნატიული ფართის გამოსაყოფად არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

Catholic.ge–ის ინფორმაციით, 2006 წელს, უნწაში მცხოვრებმა კათოლიკეებმა, მღვდელ იეჟი შიმეროვსკის მიმართეს თხოვნით, რომ სოფელში მათთვის ჩატარებულიყო ლიტურგიები. მაშინდელი თვითმმართველობის თანხმობით, კათოლიკე სამრევლოს დროებით სარგებლობაში გადაეცა მცირე შენობა. ზუსტად 15 წლის განმავლობაში აქ კათოლიკეები აღავლენდნენ წმ. წირვებს.