ბათუმში სამშენებლო-სანებართვო პირობების დარღვევის გამო 2 მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს

312

ბათუმში სამშენებლო – სანებართვო პირობების დარღვევის გამო, მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე ორ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა კაჩინსკის ქუჩაზე შპს “რეკ გრუპ ჯორჯიას” მრავალფუნქციური ობიექტის სახურავზე დამატებითი ფართი და ლერმონტოვის N-12 ში შპს “სმარტ ჰაუსი”, სადაც კომპანიამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო პირობების დარღვევით დამატებითი სართული და ფართები დააშენა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 250-ზე მეტი ობიექტი გადამოწმდა, მათ შორის 102-ზე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

“ბათუმში, ლერმონტოვის №12 შპს ,,სმარტ ჰაუსი“ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების საფუძველზე დემონტაჟი ხორციელდება. კომპანიამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო პირობების დარღვევით დამატებითი სრული სართული და ფართები დააშენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს ,,სმარტ ჰაუსი“-ს მიმართ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება. კომპანიას მიეცა გონივრული ვადა ობიექტი მოეყვანა სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში, მოეხდინა დამატებით მოწყობილი მზიდი კონსტრუქციების, ფართების და სართულის დემონტაჟი. მოგვიანებით პირობების შეუსრულებლობის გამო სამართალდამრღვევი დაჯარიმდა და დადგენილებით დავალდებულდა ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში. რაზედაც გამოიცა სააღსრულებო ფურცელი და გადაიგზავნა იძულებით აღსასრულებლად.

მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე დემონტაჟი ასევე მიმდინარეობს კაჩინსკების 8-ში. შპს ,,რეკან გრუპ ჯორჯიაც“ სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას. კერძოდ, სახურავზე მოაწყო დამატებითი ფართი. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანიის მიმართ კანონის შესაბამისად დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება. მითითებით კომპანიას მიეცა გონივრული ვადა მოეხდინა დამატებით მოწყობილი ფართის დემონტაჟი.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 250-ზე მეტი ობიექტი გადამოწმდა. მათ შორის 102-ზე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა”,- განაცხადეს უწყებაში.