მთავრობა: პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა

384

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, გრძელდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში

„მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქვეყნის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში. PACE Group-ის მიერ ფოთის ნავსადგურში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. აქედან 50 მლნ აშშ დოლარი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ.

პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. 2021 წლის 13 მაისს, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას − MTBS-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ფარგლებში არსებული კვლევების განახლება და დამატებით ახალი კვლევების შემუშავება“ – ნათქვამია ანგარიშში.