სოფელ ხალებში “დაკიდული” ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

237

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებში დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“ამ სეზონზე წვიმიანი ამინდებია, რის გამოც მდინარე მტკვარი ადიდდა. ამან გამოიწვია ხიდისთვის საყრდენი ბურჯის დაზიანება. პირველადი სამუშაოები ჩვენ თვითონ ჩავატარეთ, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან გამრეკელის ხელმძღვანელობით. ადგილზე იყო ჩამოსული სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელიც და საქმის კურსში ჩავაყენეთ. საქმეს შეისწავლიან და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხალების ხიდის სრულ რეაბილიტაციას,”- განაცხადა ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხიდს რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა. ხალების ხიდი 5 სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს.