ბოლო 4 წლის განმავლობაში შეცდომით დაკოპირებული სახელფასო მონაცემები და ცარიელი ფურცლები ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციებში

459

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

გიორგი გაზდელიანი “ქართული ოცნებიდან” ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით გახდა.

2014-2017 წლებში ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო. 2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამდენად, 2014 წლიდან ქონებრივი დეკლარაცია ყოველწლიურად, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული.

ბოლო დეკლარაცია 2021 წლის ოქტომბერში, ჯერ ისევ თავმჯდომარის პოსტზე პირველი ვადით ყოფნისას შეუვსია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარეს ეს 8 დეკლარაცია არც შეუვსია, რადგან ფურცლები თითქმის ცარიელია და ხელფასის გრაფა, რომელიც მთელ დეკლარაციაში ერთადერთი შევსებული გვერდია, ბოლო 4 წლის განმავლობაში ან საერთოდ შეუვსებელია, ან შეცდომით აქვს დაკოპირებული – ერთი და იგივე ხელფასით და თანამდებობის არასწორი მითითებით. მაგალითად, 2021 წლის დეკლარაციით გამოდის, რომ გაზდელიანი 1 წლის განმავლობაში საკრებულოს თავმდჯომარისთვის განკუთვნილ ხელფასს არ იღებდა – ეს გრაფა მას ცარიელი დაუტოვებია. 2020, 2019 და 2018 წლების დეკლარაციებში, მიუხედავად იმისა, რომ გაზდელიანი უკვე საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანამდებობა – კომისიის თავმჯდომარე და ხელფასი – 17 500 ლარი დაუკოპირებია, თანაც, ისე, რომ მითითებული წლების შეცვლაც დაზარებია და ყველგან ხელფასის მიღების პერიოდად 1.01.2017-31.12.2017 აქვს მითითებული.

მიუხედავად იმისა, რომ გაზდელიანს 2017 წელს მიღებული ეს ხელფასი 2018 წლის დეკლარაციიდან ზედიზედ სამ დეკლარაციაში აქვს დაკოპირებული, გასწორების სურვილი მას არცერთხელ გასჩენია და ამ შეცდომის გასწორება წლების განმავლობაში არც საჯარო სამსახურის ბიუროს მოუთხოვია. ამდენად, გაურკვეველია, გაზდელიანმა ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან რეალურად რა ოდენობის ხელფასი მიიღო ამ წლების განმავლობაში.

ასევე დაკოპირებულია მეუღლის შემოსავალიც. ბაია ჯაჭვლიანს ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრის “ლაილა” საქმისმწარმოებლის პოზიციიდან 2017 წელს 1800 ლარის შემოსავალი მიუღია. ეს თანხა და 2017 წელი აქვს მითითებული 2018, 2019 და 2020 წლების დეკლარაციებში.

დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე არ ფლობენ უძრავ ქონებას და ისიც გაურკვეველია, ლენტეხში დაბადებული გაზდელიანი, ოჯახთან ერთად, წლების განმავლობაში სად ცხოვრობს.

გაზდელიანი და მისი მეუღლე არ ფლობენ არც მოძრავ ქონებას, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან, არ აქვთ აღებული სესხი, დეკლარაციის შევსების დღეს საბანკო ანგარიშები ცარიელი აქვთ, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

შეიძლება ითქვას, რომ ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარეს დეკლარაციის სრულფასოვნად შევსებით თავი არასდროს შეუწუხებია. წინა წლების დეკლარაციებიც, ფაქტობრივად, სრულად ცარიელია. მას პირველი დეკლარაცია 2014 წელს აქვს შევსებული, როცა საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული არავინაა. ერთადერთი, რაც პირველ დეკლარაციაში წერია, ხელფასია. გიორგი გაზდელიანს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში 2013 წელს 6000 ლარის შემოსავალი მიუღია.

მეორე დეკლარაცია 2015 წლის სექტემბერში აქვს შევსებული. აქაც ოჯახის წევრებად მითითებული არავინაა. გიორგი გაზდელიანს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან 2014 წელს 6600 ლარის შემოსავალი მიუღია.

2016-2017 წლების დეკლარაციებში ოჯახის წევრად უკვე მეუღლე ჩნდება. 2018 წლის დეკლარაციაში კი  – ორი შვილიც. 2017-2019 წლებში ჰყავს ავტომანქანა, 2020 წლის დეკლარაციაში ავტომანქანა უკვე ქრება, მაგრამ გაყიდა თუ გააჩუქა, გაურკვეველია.

დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, საკრებულოს თავმჯდომარე გაზდელიანს 2014 წლიდან დღემდე არა საკრებულოს თავმჯდომარის, არამედ კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან მიუღია ხელფასები: 2014 წელს – 6 600 ლარი; 2015 წელს – 16 200 ლარი; 2016 წელს – 16 200; 2017 წელს – 17 500 ლარი და ეს 17 500 ლარის ხელფასი მიუღია  2017-2020 წლებშიც, 4 წლის განმავლობაში უცვლელად.