ზუგდიდის მერიას განმუხურის აკვაპარკის 10 წლით იჯარით გაცემა სურს

646

ზუგდიდის მერიას განმუხურში მდებარე აკვაპარკის იჯარის სახით ათი წლით გაცემა სურს. შესაბამისი განცხადება მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოიჯარემ ქონების გადაცემიდან ორი წლის განმავლობაში აკვაპარკის რეაბილიტაციაზე 2 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, რაც მას ათწლიანი იჯარის ქირაში ჩაეთვლება. ამასთან, მოიჯარემ აკვაპარკში 30 ადგილობრივი უნდა დაასაქმოს და სოციალური პროგრამები განახორციელოს, 2022 წლის პირველი ივლისიდან კი, ყოველწლიურად აკვაპარკის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, ათი წლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აკვაპარკი ხარვეზების გარეშე ისე უნდა ფუნქციონირებდეს, რომ მერიამ დამატებითი ხარჯები არ გაწიოს.

განცხადებას ზუგდიდის მერიაში არსებული ქონების მართვის კომისია 10 ივნისამდე მიიღებს, გადაწყვეტილებას კი, ვადის ამოწურვიდან სამ სამუშაო დღეში.

აკვაპარკის იჯარით მიღების მსურველებმა სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად აკვაპარკის განსავითარებლად დამატებითი გეგმა და მართვის გამოცდილება უნდა წარადგინონ.