ჩოხატაურის მერის ოჯახი გასულ წელს შემოსავლის გარეშე არსებობდა – ცარიელი ფურცლები შარაშიძის დეკლარაციაში

596

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

დავით შარაშიძე “ქართული ოცნებიდან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მას დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული: 2018 და 2019 წლებში, როცა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ერთიც – 2022 წლის თებერვალში, უკვე ჩოხატაურის მერის სტატუსით.

მიუხედავად იმისა, რომ დავით შარაშიძე მერად არჩევამდე 4 წელი ჩოხატაურის სააკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე იყო და წესით, დეკლარაციაც ყოველ წელს უნდა შეევსო, 2020-2021 წლების დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არ იძებნება.

ბოლო დეკლარაცია კი, შეიძლება ითქვას, რომ შარაშიძეს არც შეუვსია, რადგან უძრავი ქონების, ხელფასის და სესხის გრაფები ცარიელია და გამოდის, რომ გასულ წელს მთელი ოჯახი შემოსავლის გარეშე არსებობდა.

ახლადარჩეული მერი 29 წლისაა. ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს ბებია და მეუღლე.

მისი მამა, ასევე დავით შარაშიძე, წლების განმავლობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუშაობდა, მათ შორის, მაღალ თანამდებობაზე და მას 4 დეკლარაცია აქვს შევსებული. თუმცა, მამა ოჯახის წევრების ჩამონთვალში არ არის და შესაბამისად, მისი ქონების და შემოსავლების შესახებ არცერთ დეკლარაციაში არაფერია მითითებული.

შვილის, ახლადარჩეული მერის – დავით შარაშიძის სახელზე კი, ბოლო დეკლარაციით, არცერთი უძრავი ქონება გაფორმებული არ არის. ისიც კი უცნობია, რა მისამართზე ცხოვრობს ჩოხატაურის მერი. მოძრავი ქონებიდან კი ფლობს 2021 წელს 25 000 ლარად ნაყიდ ავტომანქანა mersedese benz E350-ს.

დეკლარაციის შევსების დღეს შარაშიძეს “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 44 051 დავალიანება ჰქონდა, ხოლო “თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 2 595 ლარი ედო.

ჩოხატაურის მერის ქონებრივი დეკლარაციის ფურცლები თითქმის ცარიელია. დეკლარაციის თანახმად, ის არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არც ის და არც მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ასახულიყო.

ასევე ცარიელია საბანკო სესხის შესახებ არსებული გრაფაც, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ჩოხატაურის მერს “საქართველოს ბანკიდან” სესხი გამოტანილი აქვს და ეს დეკლარაციის შევსების დღეს საბანკო ანგარიშზე არსებული დავალიანებით ჩანს. თუ რატომ არ მიიჩნია ჩოხატაურის მერმა საჭიროდ, სესხის გამოტანის თარიღი, ვადა და რაოდენობა მიეთითებინა, გაურკვეველია.

დეკლარაციას თუ ვენდობით, დავით შარაშიძეს, რომელიც ბოლო 4 წელი ჩოხატაურის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, წლის განმავლობაში ხელფასიც არ აუღია, რადგან ეს გრაფაც ცარიელია. ასევე, არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ არც მეუღლეს და არც – ბებიას. როგორც ჩანს, ჩოხატაურის მერმა დეკლარაციის სრულყოფილად შევსება საჭიროდ არ მიიჩნია.

დავით შარაშიძის უძრავ ქონებაზე ინფორმაციას წინა წლების დეკლარაციებიდან ვიგებთ და ის არც ისეთი უქონელია, როგორც ბოლო დეკლარაციის შევსებისას ჩანს. შარაშიძის სახელზე წინა წლებში 4 უძრავი ქონებაა გაფორმებული, მათ შორის, 2 კომერციული ფართი, საიდანაც შარაშიძე შემოსავალსაც იღებდა. გარდა ამისა, ბებიის სახელზეა კიდევ ორი უძრავი ქონება.

2019 წელს შევსებული დეკლარაციით, შარაშიძე ფლობდა 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 2900 კვ.მ მიწაზე არსებულ საცხოვრებელ სახლს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში და 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, კოსტავას ქუჩის N17-ში.

გარდა ამისა, მისთვის 2018 წელს უჩუქებიათ ორი კომერციული ფართი ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე, მათ შორის, ერთი 50კვ.მ-ია და მეორე – 100 კვ.მ., თუმცა, ვისგან აქვს საჩუქარი მიღებული, მითითებული არ აქვს.

ბებიის, ცისანა გოგოლაძის სახელზე კი გაფორმებულია 1997 წელს მემკვიდრეობით მიღებული 2000 კვ.მ. მიწაზე არსებული საცხოვრებელი სახლი ასევე ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე.

2018 წლის დეკლარაციით, ბებიის სახელზე კიდევ ერთი უძრავი ქონება იყო გაფორმებული. ბებიას 2016 წელს 2000 ლარად უყიდია 47 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე.

ირკვევა, რომ ჩოხატაურის ამჟამინდელ მერს 2017 წელს ასევე მემკვიდრეობით მიუღია ავტომანქანა kia sportage. მანქანის შესახებ მონაცემი 2018 და 2019 წლებში შევსებულ დეკლარაციებში აქვს შეტანილი.

ასევე, 2019 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ჩოხატაურის ამჟამინდელ მერს ხელფასიც ჰქონია და კომერციული ფართიდან შემოსავალიც. მაგალითად, ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან 2018 წელს 12 000 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო კომერციული ფართების იჯარიდან – 9 600 ლარი.

მეუღლეს, რომელიც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს საოპერაციო ექთანია, 5600 ლარის ხელფასი აქვს მიღებული; ხოლო ბებიას, “მედალფას” ქირურგიული განყოფილების გამგის პოსტიდან – 18000 ლარი.

როგორც ჩანს, ჩოხატაურის მერს და მის ოჯახს, 2021-ის მსგავსად, 2017-შიც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე უცხოვრიათ – 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ხელფასებსა თუ სხვა შემოსავლებზე ისევ არაფერია მითითებული, რაც, ცხადია, კანონის დარღვევაა და ამაზე რეაგირება საჯარო სამსახურის ბიუროს ევალება.