“ნაცმოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ კაცი სცემა – მოუწევს თუ არა დეპუტატს ახალციხის საკრებულოს დატოვება

284

ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, სამსონ ბალიაშვილს, რაბათის დასახლებაში კაცის ცემისთვის, სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. დეპუტატი ბრალს აღიარებს, მასთან საპროცესო გაფორმდა. დაპირისპირება სავარაუდოდ არჩევნების დღეს 2021 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულ საკითხზე ენმ–ს წარმომადგენელი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ენმ–ს დეპუტატს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილში ედება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, „არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სამსონ ბალიაშვილი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეპუტატის მიერ ნაცემი ო.ო. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, იგი მომხდარის შემდეგ კლინიკაშიც გადაიყვანეს. აღნიშნულ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭე“  მმართველი გუნდის  წევრს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ტაბატაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ინფორმაცია არ დაგვიდასტურა, ამბობს, რომ არც ფაქტის შესახებ სმენია.

„შტაბის წევრი არ არის, მაგრამ თუ ჩვენი მხარდამჭერია ვერ გეტყვით, მსგავსი პიროვნება, ამ სახელით და გვარით არ მახსენდება. რაც შეეხება დაპირისპირებას, არჩევნების დღეს, „ქართული ოცნების“ წევრსა და „ნაციონალებს“ შორის მსგავსი რამ არ არ მომხდარა, არ გამიგია“,- გვითხრა დავით ტაბატაძემ.

სამსონ ბალიაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე გვიდასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ჯარიმის სახით ბალიაშვილს 5 000 ლარი შეეფარდა,  სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2022 წლის 7 მაისს გაიმართა.

„გიდასტურებთ, რომ სამსონ ბალიაშვილთან გაკეთდა საპროცესო შეთანხმება, ჯარიმის სახით შეეფარდა მას  5 000 ლარის, შესაბამისად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, რაშიც სამსონ ბალიაშვილს ბრალი ედებოდა უკვე, ამ ეტაპზე დასრულებულია“,- აცხადებს ნინო დემეტრაძე.

მომხდარის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43 მუხლის თანახმად, სამსონ ბალიაშვილის საკრებულოს და თანამდებობის დატოვება მოუწევს.

„აღნიშნული მუხლი იწვევს ნასამართლეობას, მას მოუწევს მიმართოს საკრებულოს უფლება–მოვალეობის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. პირი, რომელიც ნასამართლევია,ვერც საკრებულოში წევრადაც დარჩება“,- ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის“ იურისტი, ქეთი ბებიაშვილი.

ამ ეტაპზე უცნობია როდის იმსჯელებს ახალციხის საკრებულო დეპუტატის უფლება–მოსილების შეწვეტის თაობაზე.

„ჯერ ჩვენთან სასამრთლო გადაწყვეტილება არ მოსულა, როდესაც ჩავიბარებთ მაშინ გეტყვით ამის შესახებ“,- აცხადებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე.