ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები იგეგმება

726

ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ავტორები ნინო წილოსანი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი არიან.

კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ, კანონმდებლობის დონეზე განხორციელებული
მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, მაინც გამოწვევად რჩება ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის როგორც სახელმწიფო მომსახურებების, ისე ადგილობრივ დონეზე არსებული პროგრამებისა თუ დახმარებების ხელმისაწვდომობა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ასახელებენ იმას, რომ მათ, პროგრამებში ჩასართველად და დახმარების მისაღებად, აუცილებლად მსხვერპლის სტატუსი უნდა ჰქონდეთ მინიჭებული. ამიტომაც, “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში დაგეგმილია ცვლილება, რომელიც მხარდაჭერის მომსახურებებით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის
არსებობას აღარ ითავლისწინებს, ასევე, შესაბამისი ცვლილებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის როლს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით.

დღეისათვის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, დაცვისა და დახმარების საკითხი მუნიციპალიტეტის ნებაყოფლობით უფლებამოსილებად არის განსაზღვრული, თუმცა, ჩანაწერი ზოგადი და ბუნდოვანია. კანონპროექტის ავტორები მიიჩნვენ, რომ უფრო მკაფიოდ არის განსასაზღვრი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ის ღონისძიებები, თუ რას შეიძლება ითვალისწინებდეს მსხვერპლთა დაცვა და დახმარება და რა მიზანი უნდა ჰქონდეს ამ ღონისძიებებს.

პარლამენტარების მიერ მომზადებული კანონპროექტით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლს დაემატება მეხუთე პუნქტი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი, თუ ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტულად რისი გაკეთება შეეძლებათ მუნციპალიტეტებს.

მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას უფლებამოსილი იქნება:

  • ითანამშრომლოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის/დახმარების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყოს ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მათი დაცვის, დახმარების, შესაძლებლობების გაფართოებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნას მხარდაჭერის მომსახურებები;
  • შეიმუშავოს, დაამტკიცოს და განახორციელოს ისეთი მიზნობრივი პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური ან/და სოციალური რეაბილიტაცია დახმარება და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება, თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები და შეიმუშავოს სპეციალური ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირი/კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მხარდაჭერის მომსახურებასა თუ მიზნობრივ პროგრამაში მსხვერპლის მონაწილეობის, ან მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. ეს უკანასკნელი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან. ანუ, როდესაც მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი, ან დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი, ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია დასახელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად თანხების მოძიება საკუთარი ბიუჯეტებიდან მოუწევთ.

კანონის ამ ცვლილების ამოქმედების სავარაუდო თარიღად 2022 წლის 1 სექტემბერია განსაზღვრული, თუმცა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.