წერეთელი: გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კახეთში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს

459

წინა სტატია

შემდეგი სტატია

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კახეთში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ლაგოდეხში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა.

“2021 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 2 ნაპირსამაგრი, 3 ხიდის რეაბილიტაცია/მშენებლობა და 112 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. კახეთის რეგიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 67.7 კმ. გზის რეაბილიტაცია, 5 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია და 8 ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. 2022-23 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით, გზების შესაკეთებლად, დაახლოებით  183 მილიონამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. აქედან, 2022 წელს რეაბილიტაცია/პერიოდული შეკეთება, დაახლოებით, 80 კმ-მდე საავტომობილო გზას და 9 ხიდს ჩაუტარდება“, – განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, წერეთელის თქმით, დასრულდა ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა აღარ მოუწევს.

წერეთელმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალურის 95 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, 2030 წლამდე კახეთის რეგიონში 2 მილიარდამდე ლარის ინვესტირება იგეგმება, რაც მთელი რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.