საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც ჯართის გაყიდვიდან მიღებული დამატებითი შემოსავალიც ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა

1845

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ლევან ქავთარაძე “ქართული ოცნებიდან” ხობის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის 2014-2017 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო და დეკლარაცია 6-ჯერ აქვს შევსებული.

ლევან ქავთარაძე დაბადებულია ხობში და პროფესიით ექიმ-ნევროლოგია. ბოლო დეკლარაცია შევსებული აქვს 2022 წლის იანვრის ბოლოს, სადაც ოჯახის წევრებად წერია: მეუღლე, სამი შვილი და დედ-მამა. სამი შვილიდან ერთი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს. 2014-2015 წლებში შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებულია მეოთხე შვილიც, რომელიც, ასევე, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს.

ბოლო დეკლარაციის თანახმად, ლევან ქავთარაძის სახელზეა გაფორმებული 2019 წელს 129 879,4 ლარად ნაყიდი, დაბა ბაკურიანში, წაქაძის ქუჩაზე მდებარე 51,14 კვ.მ ბინა.

მამის, ლუთინი ქავთარაძის სახელზეა გაფორმებული 2 უძრავი ქონება. ერთია 2008 წელს მემკვიდრეობით მიღებული 839 კვ.მ საკარმიდამო ფართი ხობში, რუსთაველის N 7-ში, რომელზეც სამი შენობა-ნაგებობა დგას – 165,67 კვ.მ; 62.72 კვ.მ; 8.93 კვ.მ ფართებით. იგივე მისამართზე არსებული ქონებები, 2017-2018 წლების დეკლარაციებით, 20%-იანი წილით, თანასაკუთრებაში ჰქონდა ლევან ქავთარაძესაც, თუმცა, იმ წლებში შევსებულ დეკლარაციებში ამ მიწის ნაკვეთების ფართობები განსხვავებულია: ერთი მიწის ნაკვეთი 838.85 კვ.მ-ია, მეორე – 28 კვ.მ, ხოლო მესამე – 205 კვ.მ. ამასთან, ის, რაც 2022 წლის დეკლარაციით მამას მემკვიდრეობით მიუღია, წინა დეკლარაციებში 1973 წელს შეძენილ ქონებად არის გაფორმებული.

2018 წლის ჩათვლით შევსებულ დეკლარაციებში ლევან ქავთარაძის მამა ასევე ფლობდა ხობში, ცოტნე დადიანის 193-ში მდებარე 1254 და 850 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ეს ორი განსხვავებული ფართობის მიწა მას 1996 წელს 15-15 ათას დოლარად შეუძენია. ეს ქონება 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღარ ჩანს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქავთარაძე საჯარო თანამდებობას აღარ იკავებდა და შესაბამისად, 2018 წლის შემდეგ მას დეკლარაცია შევსებული არ აქვს. ამიტომაც უცნობია, რა დაემართა მამის სახელზე რეგისტრირებულ ამ ორ ქონებას.

2022 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ლევან ქავთარაძის მამის, ლუთინი ქავთარაძის სახელზე ირიცხება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში არსებული 4782 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ეს ქონება პირველად 2017 წლის დეკლარაციაში ჩნდება და მას შემდეგ მითითებულია, რომ მამამ ეს ქონება 2016 წელს დაიბრუნა, თუმცა, არცერთ დეკლარაციაში არ წერია, ვისგან და რა საფუძვლით.

გარდა ამისა, 2022 წლის დეკლარაციაში ჩნდება ლევან ქავთარაძის მეუღლის, ნათია სალაყაიას ქონებაც. კერძოდ, 2000 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში მემკვიდრეობი მიღებული 5 161 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის 33% და 2014 წელს ხობში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ასევე მემკვიდრეობით მიღებული 1585 კვ.მ საცხოვრებელი სახლის (მიწაზე დგას 5 შენობა-ნაგებობა) 33%. თუმცა, არცერთი ეს ქონება სხვა, წინა წლების დეკლარაციებში შეტანილი არ არის, რაც კანონის დარღვევაა. ორივე ამ ქონებას ნათია სალაყაია მერაბ სალაყაიასა და ნარგზა გვათუასთან ერთად ფლობს, მაგრამ ვინ არიან ეს პიროვნებები, მითითებული არ არის და მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი მისი ოჯახის წევრები არიან.

საკრებულოს თავმჯდომარეს 2016 წლიდან დღემდე ერთი და იგივე ავტომობილი ჰყავს – 2010 წელს გამოშვებული “მიცუბიში ოუტლანდერი“, რომელიც 2016 წელს 18 000 ლარად აქვს ნაყიდი. მეუღლეს, ნათია სალაყაიას 2018 წელს 10 260 ლარად უყიდია 2013 წელს გამოშვებული “HYUNDAY VELOSTER”, ხოლო შვილმა 2021 წელს 16 181,27 ლარად შეიძინა ასევე 2013 წელს გამოშვებული “BMW” 328XI.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციის თანახმად, 1996 წელს ლევან ქავთარაძის მამამ, პროფესიით ექიმმა ლუთინი ქავთარაძემ, დააფუძნა შპს “მკურნალი”, რომლის დირექტორიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ლევან ქავთარაძე იყო და მას 2013-2014 წლებში დირექტორობიდან, ჯამში, 4 955.45 ლარი აქვს მიღებული.

საკრებულოში არჩევისა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ კომპანიის დირექტორი ლევან ქავთარაძის მეუღლე, ნათია სალაყაია გახდა. ის, ასევე, ამ კლინიკის ექიმი-რადიოლოგია.

2022 წლის დეკლარაციის თანახმად, სალაყაიამ, როგორც დირექტორმა და როგორც ექიმმა, შემოსავლის სახით, ჯამში 24 362.06 ლარი მიიღო, ხოლო ლუთინი ქავთარაძეს, როგორც კომპანიის 100%-ის მეწილეს, მხოლოდ 14 ათასი ლარის შემოსავალი ჰქონია, მაშინ, როცა 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას ამ ბიზნესიდან 87 307 ლარი აქვს მიღებული.

მამა, ლუთინი ქავთარაძე 2004 წლიდან ასევე დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ, თუმცა, ეს წინა წლების არცერთ დეკლარაციაში მითითებული არ არის და მხოლოდ 2022 წლის დეკარაციიდან ხდება ცნობილი. ამ დეკლარაციის თანახმად, მას, როგორც ინდმეწარმეს, წინა წელს შემოსავალი არ ჰქონია.

ლევან ქავთარაძეს 2021 წელს სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში, მათ შორის მამის შპს-ში, ექიმის პროფესიით, როგორც კონსულტანტსა და როგორც ნევროლოგს, ჯამში 29,965.56 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ქავთარაძე ხობის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის 3 დეკემბერს აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე 1 თვის განმავლობაში 2 055,44 ლარის შემოსავალი მიუღია.

საჯარო თანამდებობაზე ყოფნის დროინდელი შემოსავალი მითითებულია 2014-2018 წლების დეკლარაციებშიც, საიდანაც ირკვევა, რომ მას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან 2017 წელს 15 750 ლარი მიუღია, 2016 წელს – 20 999,97 ლარი, 2015 წელს – 17 545.00 ლარი, ხოლო 2014 წელს – 8 921.66 ლარი.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ფრაქციის თავმჯდომარეობის პერიოდში ლევან ქავთარაძე ექიმის პროფესიით შემოსავალს არ იღებდა.

დეკლარაციაში ლევან ქავთარაძეს, ასევე, მითითებული აქვს, რომ 2021 წელს ჯართი გაყიდა და, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითმა შემოსავალმა სულ რაღაც 176,54 ლარი შეადგინა, ისიც ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

ბოლო დეკლარაციის შევსების დღეს ლევან ქავთარაძესა და მის მეუღლეს საკრედიტო დავალიანება აქვთ თი-ბი-სი ბანკიდან და საქართველოს ბანკიდან ჯამში 101 843,83 ლარი. მათ შორის, თავად ლევან ქავთარაძეს საკრედიტო დავალიანება აქვს 96 966,28 ლარი, ხოლო მის მეუღლეს – 4 877, 55 ლარი.

ლევან ქავთარაძეს თი–ბი–სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე აქვს 25,93 ლარი, ხოლო ნათია სალაყაიას თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე აქვს 1 066 ლარი.

ხობის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არავისგან მიუღიათ ისეთი ფასიანი საჩუქარი, რომელიც დეკლარაციაში უნდა აისახოს.