აუდიტი: მარნეულის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 288 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

331

წინა სტატია

მარნეულის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 288 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებით. საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა, 600 ლარის ოდენობით.

აუდიტისთვი წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2019-2020 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით, სულ 288 600 ლარი აქვთ მიღებული.თუმცა, აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად

“„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკრებულოს წევრებზე გაცემულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს ხარჯების დაუსაბუთებელ ანაზღაურებაზე. შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 288 600 ლარი შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე გასცეს.