წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” კანდიდატი ხდება

657

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” კანდიდატი ხდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავის მე-12 საარჩევნო ოლქში 121 უბნიდან ამ დროისთვის 59 საარჩევნო უბნის შედეგია დათვლილი.

წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმათა 88.759% დააგროვა. მამუკა ტუსკაძემ, რომელიც კენჭს „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ იყრიდა, 8.448% მოაგროვა, ხოლო “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტის” კანდიდატმა კამალ მურადხანოვმა – ხმათა 2.794%.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევდნენ.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რუსთავის გარდა, საარჩევნო ოლქში, ასევე, შედის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილიც.