გიორგი ტყემალაძე: თბილისის ბიუჯეტის პროექტში ასახულია ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება თუ პრიორიტეტი, რაც საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს

289

დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათს საკრებულო აუცილებლად დაუჭერს მხარს თბილისის ბიუჯეტის პროექტს. ამ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება თუ პრიორიტეტი, რაც საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„ბიუჯეტის განხილვის პროცედურა საკმაოდ გაწერილია დროში. არაერთი განხილვა იყო საკრებულოში და გარკვეულ რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან დავუბრუნეთ. დღეს არსებული ბიუჯეტის პროექტი მაქსიმალურად დაახლოებული ვარიანტია წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათს საკრებულო ამ დოკუმენტს აუცილებლად დაუჭერს მხარს. ამ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება თუ პრიორიტეტი, რაც საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს. ეს არის სატრანსპორტო მიმართულება, ინფრასტრუქტურული პროექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ეკოლოგიური მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება, მაქსიმალურად ვეხმარებით მოქალაქეებს ამ მხრივ. დანერგილი გვაქვს ახალი პროგრამები და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. ბიუჯეტის დაახლოებით 35% წარმოადგენს ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.