ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გახარიას პარტიის წევრს უყრიან კენჭს

308
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას 27-ვე წევრი ესწრება. ოპოზიციამ კანდიდატად პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი შოთა წურწუმია დაასახელა. “ქართული ოცნების” წევრ ჯანო პერტაიას განცხადებით, თავად არ გეგმავენ კანდიდატის დასახელებას, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ჩვენ დღეს გვექნება პოლიტიკური ქორწილი”, თქვა მან. ასევე აღნიშნა, რომ შოთა წურწუმია ენანება “ნაციონალურ მოძრაობასთან შერწყმისთვის”. საპასუხოდ შოთა წურწუმიამ აღნიშნა, რომ საკუთარი თავი ენანებოდა მანამდე, იქ სადაც იყო. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

ჯანო პერტაიას თქმით, კენჭისყრაში მონაწულეობას არ მიიღებენ, მაგრამ სხდომაზე რჩებიან.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა. თუმცა ამ დრომდე აქ და ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოებში ვერ ხერხდება თავმჯდომარის არჩევა.

წინა სხდომაზე ჩატარდა კენჭისყრა, რომელშიც მხოლოდ მმართველი გუნდი და “საქართველოსთვის” მონაწილეობდნენ. 19-დან 7 ბიულეტენი გაბათილდა. შედეგად, “ოცნების” წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა თავმჯდომარის პოზიციაზე.

ჩხოროწყუს საკრებულომ ვერც მეორე შეკრებისას შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე მაშინ ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია “საქართველოსთვის” შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ – 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.