ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესაც ექნება

382

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესაც ექნება.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზეც გავრცელდება.

შესაბამისი ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ინიციატორი უმრავლესობის წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი არიან. დღეს მოქმედი ნორმით, კანონი ვრცელდება საკრებულოს თავმჯდომარეზე და არა – მის მოადგილეზე.

ინიციატორები განმარტავენ, რომ როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ასევე მისი მოადგილე წარმოადგენენ თანამდებობის პირებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ორივე თანამდებობის პირი თანაბრად მოექცეს კანონის რეგულირების სფეროში და მათზე გავრცელდეს შეუთავსებლობის შემთხვევები.

აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს წარმოეშვება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულება, რომლის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია – ჯარიმა.