ბოლნისის საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩიეს

466

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, სადაც საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩიეს.

„2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა. ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, მათ შორის 30 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 6 კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

დღეს, ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თამჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი მირიანაშვილი დასახელდა, მოადგილეებად კი ნონა რეხვიაშვილი და რასულ ბახტიაროვი.

საკრებულოს ხდომაზე ასევე ხუთი მუდმივ მოქმედი კომისის თავმჯდომარეები და წევრები აირჩიეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, დავით ჯაფარიძის თავმჯდომარეობით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავჯდომარედაც ელგუჯა ჯაფარიძე დასახელდა“, – აღნიშნულია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დეპუტატებს წარმატება უსურვა.

„დღეს ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. თითოეულ დეპუტატს წარმატებებს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. განსაკუთრებით მინდა მივულოცო თამაზ ჟორჟოლიანს, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აირჩიეს. საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში, დიდი როლი ეკისრება, ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერია ახალი მოწვევის საკრებულოსთან აქტიურად ითანამშრომლებს და ჩვენ ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ, არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი, რომელმაც 2 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილა.