გაბუნია: ხვალ გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას

300

წინა სტატია

დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.

„ვაქცინაციის საბჭოზე განხილულ იქნა „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი, ასევე იქნა განხილული ახალ ვარიაციასთან – ე.წ. ომიკრონის შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიებების გამოყენება აუცილებელია, ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და „ბუსტერ“ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. დეტალურად, დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება. 18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყო 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის.

სამთვიანი ინტერვალი დასაშვებია მხოლოდ „სინოვაკისთვის“ და „სინოფარმისთვის“, ხოლო „ფაიზერისთვის“ წინასწარი რეკომენდაციით საუბარი იყო 5-თვიან პერიოდზე 6 თვის ნაცვლად“, – განაცხადა გაბუნიამ.