ხელისუფლება თანახმაა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანოს, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს

405

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფის მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“, -განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ამ შემთხვევაში სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არის პატიმრის პენიტენციური დაწესებულების გარეთ გაყვანა, რაზეც საჭიროა თავად პატიმრის თანხმობა

მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ არასწორი ინტერპრეტირებისგან და პატიმარ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდონ.

„ძალიან გთხოვთ, როდესაც ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი თავიდან ბოლომდე ადამიანის ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული, ნუ გაუკეთებთ ამას არასწორ ინტერპრეტაციას და ნუ ავურევთ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთში. მოუწოდეთ ადამიანს შიმშილობის შეწყვეტისაკენ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გუშინ, ღამე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.