ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება

326

ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გიდების თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წიგნში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მუშავდება, პროფესიონალი გიდების მიერ დამუშავებული ბათუმის 12, ხოლო ქობულეთის 5 თემატური ტური განთავსდება. პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ დამუშავებული ბათუმის ტურის პრეზენტაცია გამართეს და სტუმრებს ძველ ბათუმში, ბულვარსა და ქალაქის ზღვისპირა ზოლში განთავსებული ისტორიულ-კულტურული, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობები გააცნეს.

„პროექტის მიხედვით გიდებმა ბათუმისა და ქობულეთის პრაქტიკულ ტურები შეიმუშავეს, რომელშიც ქალაქების ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ძირითადი ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები თუ ადგილები აისახა. ბათუმისა და ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 20-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული.

სამენოვანი წიგნი ბათუმსა და ქობულეთში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.