“მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით” — ევროპული საქართველოს აქცია-პერფორმანსი

673

„ევროპული საქართველოს” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, აქციის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ “ევროპული საქართველოს” პოზიციის დაფიქსირება. მან საზოგადოებას ასევე მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და ოპოზიციის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ.

„ევროპული საქართველოს” პოზიციაა, რომ ხვალ გვაქვს შანსი შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რასაც ივანიშვილი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ხვალ შეგვიძლია იმ უფსკრული პირიდან ოდნავ უკან გამოვიწიოთ. ასევე, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი მთავრობებისთვის, რომ როდესაც ასე დაუპირისპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ასე ფეხებზე დაიკიდებ მოქალაქეებს, ამისთვის ისინი დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება ხვალ შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საფრთხეები უფრო იზრდება, რადგან ეს რეჟიმი ყველასთვის ნათელია, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ძალაუფლებისთვის და ამისთვის მზად არიან შესწირონ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური საკითხები, დათესონ იმ ტიპის შუღლი, ზიზღი და ძალადობა, რომელიც დიდი ხნით გადაიყოლებს ჩვენი ქვეყნის შანსებს, რომ თავისუფალი და ნორმალური ქვეყანა ვიყოთ”, – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ საზოგადოებას შეუძლია, რომ ამ სახიფათო პროცესს მუხრუჭი დააჭიროს.

„ხვალ არ ხდება ერთი მთავრობის მეორით ჩანაცვლება, ხვალ უბრალოდ ხდება ამ რეჟიმის ჩარჩოში მოქცევა და დაძვრა იმ პროცესის, რომ მისი შემდგომში ჩანაცვლება ვადამდელი არჩევნებით ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ხელში ერთპიროვნული ძალადობა აღარ იყოს”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.