მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლი გადაეცა

523

მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლი გადაეცა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ე.წ ელევატორის დასახლებაში ახალი სოფელი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. უშუქობა, უწყლოობა, ბუნებრივი აირის უქონლობა, ახალ საცხოვრებელ ადგილთან შეგუება, ცხოვრებასთან ჭიდილი და ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება – ამ ყოფით პრობლემებზე ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლები უკვე წარსულში ლაპარაკობენ.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს მასშტაბით, დევნლთა სამინისტრო ახორციელებს მრავლობით პროექტს როგორც განსახლების, ასევე დასაქქმების კუთხით. მარენეულში დევნილ მოსახლეობას გადავეცით 31 სახლი, რომელსაც აქვს ასევე საკუთარი მიწის ნაკვეთები და შესაბამისად, მათ შეუძლიათ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. მათ გადაეცემათ სხვადასხვა სახის სახელობითი იარაღი, რომელიც ხელს უწყობს მათ შემდგომ დასაქმებასაც“

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოსთვის, გრანტის სახით, 10 მილიონი ევრო გამოყო, რომლის ფარგლებშიც დევნილებისთვის სახლები აშენდა. 8 ოქტომბერს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მარნეულში ვიზიტისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დევნილ ოჯახებს სახლები საკუთრებაში ქონდეთ და მათ მოვლაზე იზრუნონ.

“გერმანია დიდი ხანია მუშაობს განვითარების კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობს და ეს არის ერთ-ერთი პროექტი ამ მიმართულებაში. კიდევ მრავალი სახლი აშენდება საქართველოში დევნილებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სახლები და მიწა, იქნება დევნილების საკუთრება და მნიშვნელოვანია რომ კარგად მოუვლიან და დიდი ხანი შეინარჩუნებენ გავიგე, რომ არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ უწყებები მუშაობენ ამ პრობლემბის მოსაგვარებლად“

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს შეუწყობს დევნილების საცხოვრებელი პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„მოსახლეობამ მიიღო კომფორტული და ძალიან ლამაზი სახლები თავისი მიწის ნაკვეთებით. მარნეულის მერიამ მოაწესრიგა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუ კი რაიმე პრობლემა ექნებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გვერდში დაუდგება ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას”

აღსანიშნავია, რომ პროექტი, დამატებით, დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.