თუშეთში, ოთხ სოფლამდე მისასვლელი გზის გასაკეთებლად ადგილობრივებმა თანხის შეგროვება დაიწყეს

349

თუშეთში ,,ივანაურთის” ხეობის ოთხ სოფელში, კერძოდ კი ვესტომთაში, ვესტმოში, საჩიღოლოსა და გოგრულთაში გზის გასაკეთებლად საჭირო პროექტის შესამუშავებლად ადგილობრივებმა თანხის შეგროვების კამპანია დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

აქციის ინიციატორების ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესამუშავებლად 40 000 ლარია საჭირო, რომლის შემდეგაც გზის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილტაცის პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

,,ერთად გავაცოცხლოთ გზის გარეშე დარჩენილი თუშეთის სოფლები”- ასე ჰქვია ადგილობრივების ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც უკვე მესამე დღეა თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო.

იდეის ავტორების განცხადებით, თუშეთი განსაკუთრებულია, ადამიანები და ლანდშაფტი უნიკალურ გარემოს ქმნიან ამ პატარა მხარეში. მიუხედავად ამისა, გასაოცარი არქიტექტურის მქონე სოფლები ჯერ კიდევ დარჩენილია სამანქანე გზის გარეშე. ივანაურთას თემის სოფლები – ვესტომთა, ვესტმო, საჩიღოლო, გოგრულთა – დღემდე ბილიკით უკავშირდება გარესამყაროს.
საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის წევრის, ანა იმედაშვილის ინფორმაციით, უგზოობის მიუხედავად, თუში მოსახლეობა ურთულესი პირობების, ჯაფისა და შრომის ფასად ცდილობს აქ სიცოცხლის შენარჩუნებას.

მისი თქმით, ადგილობრივები საკვებს თუ სამშენებლო მასალას ეზიდებიან ზურგითა და ცხენებით, მისდევენ ტრადიციულ მეცხვარეობას, მესაქონლეობას და ჩვენს ქვეყანას უნარჩუნებენ ძვირფას ღირებულებებს, ქმნიან დოვლათს.